ახალი ამბები

ტრაგედიის გამო საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება – მთავრობა

9 ოქტომბერი, 2021 • 1893
ტრაგედიის გამო საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება – მთავრობა

ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ამბობს, რომ მატჩზე  დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 7 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი