ახალი ამბები

ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, 2-თან კონტაქტი გვაქვს – გომელაური

8 ოქტომბერი, 2021 • 844
ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, 2-თან კონტაქტი გვაქვს – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი შსს-ს სატელეფონო კონტქატი აქვს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით, ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილი ნანგრევებში თუ მაღლა. თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით”, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული, თუმცა ნანგრევებზე ბევრი მათგანის ასვლა ვერ ხერხდება და ერთმანეთს ენაცვლებიან. ამასთან, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ადგილობრივი მერიის და მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები.

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს [ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების ამოყვანა]. თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის, ფიზიკურად შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალ დონეზე, პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სათითაოდ ნანგრევები და “სინკარი” [ბეტონის ფილა], ბეტონის ნანგრევები გადმოვალაგოთ, რომ ქვეშ მოყოლილი ადამიანები ცოცხალი ვინც არის, ვიპოვოთ”, – განმარტა გომელაურმა.

შს მინისტრის განცხადებით, ნგრევა, სავარაუდოდ, უკავშირდება შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს და შესაძლოა საყრდენი კედელი დაზიანდა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაული, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან.

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15 საცხოვრებელი ბინა. 17:12 საათისთვის ნანგრევებიდან არცერთი ადამიანი არ ჰყავთ ამოყვანილი. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი