ახალი ამბები

შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ტენდენციის შენელება – კარდინი

7 ოქტომბერი, 2021 • 878
შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ტენდენციის შენელება – კარდინი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება“.

სენატორი „ამერიკის ხმასთან“ წერილობით კომენტარში ხაზს უსვამს, რომ იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც თბილისში ამერიკის საელჩომ და ეუთომ გამოთქვეს. ასევე, აღნიშნავს, რომ აშფოთებს ცნობები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მოსმენის შესახებ.

„მე ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად, ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით.

თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადად, არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირებული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ძირს უთხრის საზოგადო ნდობას. ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სენატორი განმარტავს, რომ ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობის მთავარი საყრდენი საერთო ღირებულებები და დემოკრატიული პროგრესია.

„შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას, საქართველოს მიღწევები კი მის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და გლობალური პოზიციების კუთხით, დემოკრატიული პროგრესის შედეგია. მე მოველი ჩვენს ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობას, რათა ორმხრივი პარტნიორობა გავაცოცხლოთ და განვაახლოთ იმპულსი დემოკრატიზაციისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – ამბობს კარდინი.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.

წყარო: ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი