ახალი ამბები

გადამოწმდება სასულიერო პირების ზნეობრივი გადაცდომები — საპატრიარქო “კრებსებზე”

7 ოქტომბერი, 2021 •
გადამოწმდება სასულიერო პირების ზნეობრივი გადაცდომები — საპატრიარქო “კრებსებზე”

საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა სინოდის წევრებთან, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების საკითხი განიხილა.

“შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. კრებსების საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კრებსები“ შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია. გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თეოლოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან, რაც უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

გარკვეულ შემთხვევაში კი აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით”, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადანაშაულებს მედიას ეკლესიის დისკრედიტაციაში.

“სახეზეა ამავე ჯგუფისა და ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შეთანხმებული მოქმედება. ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი.

სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ.

ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად”, — ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას.

“რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება. მღვდელმთავრებმა ასევე გარკვევით აღნიშნეს, რომ ამ თუ სხვა ნებისმიერი გარე შემოტევის წინაშე სინოდი ერთსულოვანი იქნება”, – აცხადებს საპატრიარქო.

ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი