ავტორი: ზურა წურწუმია
ენერგოკრიზისი ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და განხილვის საგანია. ელექტროენერგიის დეფიციტი, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა თუ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი საზოგადოებისა თუ მედიის მსჯელობის საგანი ხშირად ხდება. თუმცა ყურადღების მიღმა რჩება ამ პრობლემების საფუძვლები – მათი გამომწვევი მიზეზები და სამომავლო პერსპექტივები, რომლებიც თავის მხრივ პესიმისტურია.
აფხაზეთის ენერგოსისტემა ძირითადად აგებულია ელექტროენერგიაზე. რეგიონში ომამდე, ენგურჰესის, სოხუმის ჰესისა და ტყვარჩელის თბოსადგურის გარდა, ოცზე მეტი მცირე ჰესი ფუნქციონირებდა. ომმა ენერგოსისტემას მნიშვნელოვანი მატერიალური და ინფრასტრუქტურლი ზიანი მიაყენა. მართალია, ენგურჰესმა ამ ზარალს მეტნაკლებად აარიდა თავი, მაგრამ არ გაუმართლა სხვა სადგურებს. მაგალითად, სოხუმის ჰესი მხოლოდ 2018 წელს გარემონტდა, ხოლო ტყვარჩელის თეს-ი დღემდე მიტოვებული და გაძარცვულია. თითქმის ყველა მცირე ზომის ჰესი ასევე უფუნქციოდ არის დარჩენილი. ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ენგურჰესი და რუსული იმპორტია, ხოლო რეგიონში ყველაზე დიდი ენერგოგენერატორი – ვარდნილჰესი 1-ია.
გარდა მატერიალური ზარალისა, აფხაზეთის ენერგოსისტემამ დანაკარგი ნახა პროფესიულ კადრებში. როდესაც ვსაუბრობთ დევნილებზე, ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებშიც იყვნენ აქტიურად ჩართული და მათი განდევნით ადგილობრივმა ეკონომიკამ, განათლებამ თუ სხვა სფეროებმა დანაკარგი განიცადეს. ადგილობრივი განათლების სისტემა ამ დანაკლისს ვერ ავსებს. მეტიც – ის აფხაზური ენის შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებს.
ენერგოსისტემის პრობლემებს ემატება გაზიფიკაციის არარსებობა რეგიონში. ენერგიის მთავარი წყარო სწორედ ელექტროენერგიაა. ეს კი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას დამატებით ტვირთად აწევს. ხშირად მწყობრიდან გამოდის ტრანსფორმატორები, ზიანდება გადამცემი ხაზები. მონოპოლისტი „ჩერნომორენერგო“ დროულად მხოლოდ ქაალქებში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციას თუ ახერხებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც რეგიონში სულ რამდენიმე ჰესი თუ მცირე სადგური ფუნქციონირებს. ინფრასტრუქტურის უფრო მეტად გამართვა/ათვისების შემთხვევაში პროფესიული კადრების ნაკლებობა და კომპანიის არაეფექტური მუშაობა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება.
ამ მძიმე ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი სოხუმსა და მოსკოვს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებებია, რომელსაც გასულ წელს ჰარმონიზაციის შეთანხმებაც დაემატა. აქტიურად დაიწყო საუბარი მთლიანი ენერგოსისტემის პრივატიზაციაზე და რუსული ინვესტიციის ჩადებაზე. ამან კი აფხაზური საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზები ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია – ენერგოსისტემა სტრატეგიული დანიშნულებისაა და მისი პრივატიზაცია არასწორია.
ადგილობრივი მთავრობის ამოცანა რთულია. ის, ერთი მხრივ, იძულებულია ანგარიში გაუწიოს აფხაზური საზოგადოების განწყობებს, რადგან მძიმე სოციალურ ფონზე პოლიტიკური პროტესტის გასაძლიერებლად ოპოზიციას იოლი მიზეზი მიეცემა. მეორე მხრივ კი, ენერგოსისტემის არსებული პრობლემები და იმის გაცნობიერება, რომ სისტემის რეაბილიტაციას ადგილობრივი ფინანსური რესურსები არ ეყოფა. ბჟანიას თქმით, გალის რაიონში არსებული მხოლოდ 4 ვარდნილჰესის რეაბილიტაციას 10 მილიარდი რუბლი სჭირდება.
რუსული ინვესტიციის მისაღებად მხოლოდ კრემლის პოლიტიკური ამოცანები არ არის საკმარისი. სოხუმმა რუსული კაპიტალიც უნდა დაარწმუნოს, რომ ღირს აფხაზეთის ენერგეტიკაში ფულის დაბანდება. ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც იგივე „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით რეგიონში ელექტროენერგიაზე გადასახადების ამოღება უმთავრეს პრობლემად რჩება.
მაგალითად 2020 წელს აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მხოლოდ 40% გადაიხადეს, ხოლო 2021 წლის პირველ ხუთ თვეში – 24%. 2020 წელს იურუდიული პირების 87%-მა, ხოლო ფიზიკური პირების 22%-მა გადაიხადა ელექტროენერგიის გადასახადი.
სურათს ვერ აუმჯობესებს გალის რაიონი, რომელიც გადასახადის გადახდით ლიდერობს, მაგრამ მთლიან რაიონზე აფხაზეთში სრულად მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 4% მოდის. ინდივიდუალური გამრიცხველიანება პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია.
რეგიონში უმეტესად ისევ ძველ, საბჭოთა პერიოდის მრიცხველებს იყენებენ, ხოლო სოფლად თუ ქალაქად მათი გაკონტროლება არ ხდება. ამას ემატება კრიპტო ფერმები. ადგილობრივი ხელისუფლება ეფექტურად ვერ და არ ებრძვის ამ პრობლემას. ერთი მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები კრიპტო მაინინგთან დაკავშირებით ხშირად იცვლება – ის ზოგჯერ ლეგალური ხდება, ზოგჯერ – არალეგალური. მეორე მხრივ კი, მაინინგის მომგებიანობის გამო ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართული ამ ბიზნესში.
ენერგოსისტემაში პრობლემების მთელი კომპექსის ფონზე უფრო რენტაბელურად ჟღერს აფხაზეთში ნავთობის მოპოვების იდეა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის მიხედვით, რეგიონში 300-500 მილიონი ტონა ნავთობის რესურსია. თუმცა აქაც, მსგავსად სხვა სფეროებისა, ვითარება მარტივი არ არის. ამ თემით დაინტერებული იყო ანქვაბი თავისი დე ფაქტო პრეიზდენტობის დროს, თუმცა მისმა შემცვლელმა ხაჯიმბამ მკვეთრად საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა.
ნავთობის მოპოვების საკითხი 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისევ გახდა აქტუალური. ხაჯიმბას სიტუაციური მოკავშირე მაშინ სამოქალაქო აქტივისტებიც აღმოჩდნენ, რომლებიც ნავთობის მოპოვებას ეკოლოგიური მიზეზებით ეწინააღმდეგებოდნენ. ბჟანია-ანქვაბი ღიად მხარს უჭერენ ამ იდეას, თუმცა ჯერჯერობით რამე აქტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.
ზღვის შელფის შესწავლის ნებართვა რუსულ-აფხაზურ კომპანიას წლების წინ მისცეს და შემდეგ გაუხანგრძლივეს, თუმცა საძიებო/შესწავლითი საქმიანობა ან მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ მიმდინარეობს.
აფხაზეთის ენერგოსისტემის ერთადერთი პოტენციური ინვესტორი რუსული მხარეა, თუმცა აქ ჩნდება კითხვა – რაში აწყობს კრემლს რეგიონის ენერგოინფრასტრუქტურაში ფულის დაბანდება, თუკი გადასახადის ამოღება პრობლემურია და ისედაც, ეკონომიკურ სარგებელს ნაკლები პერსპექტივა აქვს.
ეკონომიკური და ფინანსური ექსპანსიით კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს აფხაზეთის ამ შემთხვევაში ენერგოსფეროს იურიდიულ ინკორპორაციას მის სისტემაში, რომ მომავალში მას მოქმედების თავისუფლება ჰქონდეს, ხოლო კრიზისის შემთხვევაში ბრალი ადგილობრივ ელიტებზე გადაიტანოს. რაც შეეხება ბჟანიას – ამ ინვესტიციების განხორციელება დიდ რისკებს შეიცავს, რადგან ის, ერთი მხრივ, დიდი ალბათობით პროტესტის ფონზე წარიმართება, მეორე მხრივ კი – ინვესტიციები სწრაფ პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოიტანს.
მეტიც, კორუფციისა და კრიმინალის პირობებში ინვესტიციის ეკონომიკურ სარგებელზე, შემოსავლის ზრდასა და ეკონომიკურ პროგრესზე საუბარი არასერიოზულად ჩანს. აფხაზური მხარის მოტივი კი ამ შემთხვევაში ფინანსების ახალ წყაროსთან კავშირში შეიძლება მდგომარეობდეს. სქემა, ამ მხრივ, კარგად გამოცდილია საინვესტიციო პრაგრამიდან გამომდინარე – რუსული კაპიტალი აღწევს რეგიონში, მაგრამ ინფრასტრუქტრული პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილი ხორციელდება.