მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ, შვილის მკვლელობის ბრალდებით, 1940 წელს დაბადებული კაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა თიანეთში მოხდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად”, — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.