ახალი ამბები

შაჰინი: მთავრობა ვერ გადაფარავს შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე, დაშინებასა და ზეწოლაზე

5 ოქტომბერი, 2021 • 689
შაჰინი: მთავრობა ვერ გადაფარავს შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე, დაშინებასა და ზეწოლაზე

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, სენატორი ჯინ შაჰინი “ამერიკის ხმასთან” აფასებს საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს.

სენატორის თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის გარშემო:

„მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, – აცხადებს სენატორი.

ჯინ შაჰინის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა:

„ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ცუდი გავლენა ექნება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, – აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი