ახალი ამბები

სააკაშვილს ციხეში სატელეფონო ზარების უფლება შეეზღუდა

5 ოქტომბერი, 2021 • 1409
სააკაშვილს ციხეში სატელეფონო ზარების უფლება შეეზღუდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში ზარების უფლება შეეზღუდა. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასიალაიამ დღეს, 5 ოქტომბერს განაცხადა.

ზარების შეზღუდვის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებას პროკურატურამ მიმართა. როგორც “ნეტგაზეთს” განუმარტეს უწყებაში, მოთხოვნის საფუძველი ისაა, რომ გარდა მსჯავრდებულობისა, სააკაშვილი ორ საქმეზე არის ბრალდებულიც.

“გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ეს არის ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეები, ასევე ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე:

7 ნოემბრის დარბევის, ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი პირადი ნიშნებისთვის გაფლანგვის ფაქტზე.

რადგან ამ საქმეებზე ბრალდებულია და სასამართლოში მიმდინარეობს ამ საქმეების განხილვა, პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში”, — განმარტეს პროკურატურის პრესსამსახურში.

აღნიშნულ განმარტებას არ ეთანხმება სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების გაუქმებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან სააკაშვილი წლების განმავლობაში თავისუფალი იყო, მათ შორის, მაშინაც, როცა იმ საქმეების განხილვაც დაწყებული იყო, რომელშიც სააკაშვილია ბრალდებული.

“პროკურატურის ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება არანაირ კანონიერ მიზნებს და არ აქვს არანაირი კანონიერი საფუძველი, რადგან რეალურად, სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში განაჩენის საფუძველზე იმყოფება და სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული.

სასამართლო განხილვა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და სააკაშვილის სატელეფონო ზარები იმ საქმის განხილვას ხელს არანაირად შეუშლიდა. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი იმისთვის, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონდეს გარესამყაროსთან.

უცხოეთში რომ იყო ამდენი წელი, ხომ ჰქონდა ტელეფონი და მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა”, — განმარტა ბასილაიამ “ნეტგაზეთთან”.

ბასილაიას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი უკვე საპატიმროშია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უნდა გაუუქმდეს, რის შემდეგაც პროკურატურა ვეღარ შეძლებს პენიტენციური დაწესებულებისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვას.

უკრაინიდან საქართველოში არაოფიციალური გზებით შემოსული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი