ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქომ და თბილისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს

5 ოქტომბერი, 2021 • 1014
ბაქომ და თბილისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს

საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გეგმას ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრებმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება.

“მხარეებმა ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მხარეები დარწმუნებული არიან იმაში, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავების საფუძველი გახდება”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საქართველოში სამმხრივი  [საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი] სამხედრო სწავლება Eternity-2021 მიმდინარეობს.

ოფიციალური ცნობით, ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

“საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს”, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი