დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა, რომელიც საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, ხმათა 5.07% მიიღო. წინასაარჩევნოდ ის ჰომოფობიური კამპანიით გამოირჩეოდა.
შაქარიშვილს გაუსწრეს “ქართული ოცნების”, “გირჩი — მეტი თავისუფლების”, “ლელოს”, გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” და ანა დოლიძის პარტიის (ანა დოლიძე — ხალხისთვის) კანდიდატებმა.
საბოლოოდ, წინასწარი შედეგების მიხედვით, ვატო შაქარიშვილი მეექვსე ადგილზე გავიდა 3 479 ხმით.
შაქარიშვილი მიმდინარე წლის 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩაშლილ ღირსების მარშზე საუბრისას ამბობდა, რომ ეს იყო მცდელობა, “თავს მოგვახვიონ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი კვდომის იდეოლოგია”.
კანდიდატი საარჩევნო კამპანიისას აკრიტიკებდა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ხელი მოაწერეს ლგბტ უფლებების შესახებ მემორანდუმს და თავის საარჩევნო შტაბებში ხელმოწერების შეგროვებას აანონსებდა “LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით”.
საბურთალო ერთადერთი მაჟორიტარული ოლქია თბილისში, სადაც მეორე ტური ჩატარდება. აქ ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო, მოეპოვებინა ხმათა 40%, რომელიც გამარჯვებისთვისაა საჭირო.
მეორე ტური ოლქში “ქართული ოცნებისსა”(38.72%) და “გირჩი — მეტი თავისუფლების”(14.41%) კანდიდატებს შორის გაიმართება.