ახალი ამბები

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

4 ოქტომბერი, 2021 • 1414
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები რუსთავში კოლონით თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ და საპატიმროდან ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაც:

“მე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, მას ტელევიზორი აქვს თუ არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისთვის პატივია იცოდეს, რომ ჰყავს 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მას გულშემატკივრობს. შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ის მხარდამჭერი არ იყოს, მაგრამ მისი თავდადება და თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.

სააკაშვილი მალე გამოვა თუ ცოტა ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა, მე დარწმუნებული ვარ, გამოვა მიხეილ სააკაშვილი და მონაწილეობას მიიღებს იმ ზეიმში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გავმართავთ. მე ვაპირებ გამარჯვებას როგორც კანდიდატი. თბილისიც უნდა მოვიგოთ, თელავიც, რუსთავიც, ზუგდიდიც, ფოთიც, სენაკიც. ეს ქალაქები უნდა მოვიგოთ, რომ სალაპარაკო აღარ ჰქონდეს ღარიბაშვილს და ივანიშვილს. ჩვენ ეს გავაკეთეთ და საქმე ბოლომდეა მისაყვანი”, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, სად და რა გარემოებებში შემოაღწია საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული ორი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. მის წინააღმდეგ სულ 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აქედან ორთან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.

ვრცლად წაიკითხეთ:

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი