ახალი ამბები

საიას დამკვირვებლებმა 20:00 საათამდე 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს

2 ოქტომბერი, 2021 • 826
საიას დამკვირვებლებმა 20:00 საათამდე 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის 20:00 საათისთვის, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს, მათ შორის ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა მარკირებისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, დამკვირვებლებისთვის არასასურველი გარემოს შექმნა, ხმის მიცემის პროცესის ფარულობის დარღვევა, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შესვლა და სხვა.

საიას ინფორმაციით, დარღვევები გამოვლინდა შემდეგ უბნებში:

  • ქუთაისის მე-80 უბანზე მაჟორიტარი კანდიდატის ბიულეტენით ხმა მისცა ორმა ამომრჩეველმა, რომლებიც სპეციალურ სიაში იყვნენ შეყვანილნი, რაზეც საიას დამკვირვებელმა საჩივრით მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
  • მარნეულის 65-ე უბანზე დამკვირვებელმა გამოავლინა მარკირებისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, რის შემდეგაც მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა. თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელი უბნიდან გააძევა, რაშიც სხვა დამკვირვებელიც აქტიურად იყო ჩართული;
  • მარნეულის 65-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომლის სიაშიც 40 ამომრჩეველი იყო, საარჩევნო უბანზე ერთ საათსა და 20 წუთში დაბრუნდა, ხოლო მისი ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა;
  • მარნეულის 48-ე უბანზე დაიწერა საჩივარი მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტზე. მიუხედავად ამისა, ამგვარი შემთხვევები არ აღმოიფხვრა და კვლავ გაგრძელდა. შედეგად, საიამ საჩივარი დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და მოითხოვა უბნის ბათილობა;
  • ზუგდიდის 90-ე უბანზე საიას დამკვირვებელს სხვა დამკვირვებლებმა შეუქმნეს არასასურველი გარემო მას შემდეგ, რაც დარღვევის ფაქტი დააფიქსირა, კერძოდ, რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის 41 ნომრისთვის ხმის მიცემის მოწოდების შემდეგ;
  • გორის 70-ე უბანზე კაბინები ისე იყო განთავსებული, რომ ხმის მიცემის დროს ირღვეოდა ფარულობა;
  • Ბათუმის 55-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ძირითად ყუთში ჩააგდო კონვერტი ბიულეტენებით. კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ განაცხადა, რომ კონვერტი ამომრჩეველს ეკუთვნოდა და მისი თხოვნით ჩააგდო;
  • დიდუბის 27-ე უბანზე ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო, ჩანაწერთა წიგნში ლუქის ნომრები გადასწორებული იყო კორექტორით, რაზეც საიამ მოითხოვა კენჭისყრის შეჩერება, ყუთის დალუქვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი