ახალი ამბები

მარნეულის მე-13 უბანზე პროცესს ვერ შევწყვეტთ მხოლოდ საჩივრის საფუძველზე — საოლქო

2 ოქტომბერი, 2021 • 990
მარნეულის მე-13 უბანზე პროცესს ვერ შევწყვეტთ მხოლოდ საჩივრის საფუძველზე — საოლქო

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძე აცხადებს, რომ მე-13 საარჩევნო უბნის ბათილად ცნობა ამ ეტაპზე არ მოხდება, როგორც ამას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ითხოვდა.

“ვესაუბრე კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს. დაწერილია საჩივარი, რომ ერთმა პირმა ორჯერ მისცა ხმა, თუმცა ჯერ ამის მტკიცებულებები ვერ ვნახე.

რა თქმა უნდა, როდესაც განვიხილავთ ამ საჩივარს, მტკიცებულებებსაც მოვითხოვთ და გამოვიკვლევთ. მხოლოდ ამ საჩივრის საფუძველზე ჩვენ საარჩევნო პროცესს ვერ შევწყვეტთ”, — განაცხადა ანა ილურიძემ.

შეკითხვაზე, რომ არსებობს ვიდეოები, რომლებიც შესაძლოა ასახავდეს დარღვევის ფაქტს, ილურიძემ განაცხადა, რომ ეს ვიდეოები შესასწავლია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI)  სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, აცნობეს, რომ აღნიშნულ უბანზე ერთმა პირმა ხმა ხუთჯერ მისცა.

ამასთან, ორგანიზაციისვე ცნობით, ამავე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. TI აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა, მე-10 უბანშია რეგისტრირებული

ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.

ცესკოს პასუხი

განახლება, 16:50 — ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვიანებით უპასუხა „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ განცხადებას და ორგანიზაციას მოუწოდა, შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს „კარუსელის“ დამადასტუეებელი ფაქტები.

„საუბნო საარჩევნო კომისიასაც ექნება შესაბამისად რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, ხშირად არის ხოლმე მოდის ერთი ინფორმაცია, მოდის ფოტოსურათები, შემდეგ ვაზუსტებთ და სულ სხვა სურათი გვხვდება.

შესაბამისად, მოდით, ნუ ავყვებით ემოციებს, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი წესრიგშია. მშვიდობიანად მიმდინარეობს პროცესი. შევუწყოთ ხელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ჩვენც ვნახეთ რამდენიმე ჩანაწერი და თხოვნა გვექნება, ამ პროცესზე მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი. ამ პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა ჩართული მხარე“ — აცხადებს ცესკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი