ახალი ამბები

მარნეულში კომისიაში გირჩის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

2 ოქტომბერი, 2021 • 1232
მარნეულში კომისიაში გირჩის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია “გირჩიდან” ირაკლი ქველაძე აცხადებს, რომ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ყოფნისას მას თავს დაესხა კომისიის ოლქიდან დანიშნული წევრი.

იგი მომხდართან დაკავშირებით მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდა.

“ერთ-ერთი ამომრჩეველი მივიდა რეგისტრატორთან, არ წარადგინა პირადობის მოწმობა და არ მოუწერია ხელი სარეგისტრაციო სიაზე, რის შემდეგაც აიღო ბიულეტენი და მისცა ხმა. ამ დროს მოვუწოდე კომისიის წევრს, რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად, რაზეც მან არ მომაქცია ყურადღება, ხოლო როდესაც დავიწყე ამ ფაქტის მობილურით გადაღება, იგი თავს დამესხა და მობილური წამართვა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ირაკლი ქველაძემ.  მისივე თქმით, ტელეფონნი მალევე დაიბრუნა.

ყიზილაჯლოს 48-ე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით დევაძის განცხადებით, “სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია”.

მისივე თქმით, ქველაძეს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

” ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, დაიწყო თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი