ახალი ამბები

TI სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს

2 ოქტომბერი, 2021 • 701
TI სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI),  სავარაუდო „კარუსელის“ გამო, მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, აცნობეს, რომ აღნიშნულ უბანზე ერთმა პირმა ხმა ხუთჯერ მისცა.

ამასთან, ორგანიზაციისვე ცნობით, ამავე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. TI აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა, მე-10 უბანშია რეგისტრირებული

ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.

ეკა გიგაურის თქმით, ამავე უბანზე მათ დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე ცნობით, ამავე უბანზე, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ, 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.

გარდა ამისა, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მსგავსად, TI-ც  კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევაზე საუბრობს. როგორც გიგაური ამბობს, აღნიშნული დარღვევაა თითქმის ყველა უბანზე, სადაც მათი ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან. მისივე თქმით, ასეთი შემთხვევებისას მათი დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა.

14:00 საათის მონაცემებით, TI-ის მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა

#28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე უბანზე, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ, 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა;
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიჰყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ, რაც კაბინაში ვერ შეჰყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.

ცესკოს პასუხი

განახლება, 16:50 — ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვიანებით უპასუხა „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ განცხადებას და ორგანიზაციას მოუწოდა, შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს „კარუსელის“ დამადასტუეებელი ფაქტები.

„საუბნო საარჩევნო კომისიასაც ექნება შესაბამისად რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, ხშირად არის ხოლმე მოდის ერთი ინფორმაცია, მოდის ფოტოსურათები, შემდეგ ვაზუსტებთ და სულ სხვა სურათი გვხვდება.

შესაბამისად, მოდით, ნუ ავყვებით ემოციებს, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი წესრიგშია. მშვიდობიანად მიმდინარეობს პროცესი. შევუწყოთ ხელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ჩვენც ვნახეთ რამდენიმე ჩანაწერი და თხოვნა გვექნება, ამ პროცესზე მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი. ამ პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა ჩართული მხარე“ — აცხადებს ცესკო.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი