ახალი ამბები

კალაძე: გუშინდელი მოვლენების შემდეგ ენმ ჩამოშლილია

2 ოქტომბერი, 2021 • 676
კალაძე: გუშინდელი მოვლენების შემდეგ ენმ ჩამოშლილია

“გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება”, — განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

“დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია, საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. 150 ათასზე მეტმა თბილისელმა უკვე გააკეთა არჩევანი. საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად ჭსირდება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას”, — განაცხადა კახა კალაძემ დღეს, 2 ოქტომბერს.

ჟურნალისტების კითხვაზე, სახელმწიფო საზღვარი და ინსტიტუტები არის თუ არა ჩამოშლილი, კალაძე პასუხობს:

“ვინ არის ჩამოშლილი, მე მგონია, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია. მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე, რუსთავში, სადაც მოუწევს პასუხისგება ჩადენილ დანაშაულებზე. დაელოდეთ ამ პროცესებს, საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია. შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან, თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული”, – განაცხადა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის თითოეულ თანამშრომელს.

კალაძე არ პასუხობს კითხვას, თავად როდის გაიგო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ.

“გენერალურმა მდივანმა შეიძლება ბევრი რამე იცოდეს, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს ინფორმაციის გაჟღერების და შეიძლება რაღაცები არც ვიცოდე. დამშვიდდით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსთავის საპყრობილეში”, — განაცხადა კახა კალაძემ.

პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ცნობა და ვიდეოები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, “ქართული ოცნების” ლიდერებმა, მათ შორის, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, მამუკა მდინარაძემ, შალვა პაპუაშვილმა და სხვებმა, არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და გავრცელებული ვიდეოები Deep Fake-ია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით კი, მისი თანაგუნდელები ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და ვიდეო მასაც აწყობილი გრაფიკა ეგონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი