ახალი ამბები

“იმდენი იძახა სააკაშვილმა მგელი, მგელიო, როცა ჩამოვიდა, არავის სჯეროდა” — პაპუაშვილი

2 ოქტომბერი, 2021 •
“იმდენი იძახა სააკაშვილმა მგელი, მგელიო, როცა ჩამოვიდა, არავის სჯეროდა” — პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დეპუტატი პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან გუშინდელის მსგავს პროვოკაციას არ ელოდა.

ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, დეპუტატებმა შეფასებები გააკეთეს საკუთარი აღქმების მიხედვით და შესაძლოა, არ ჰქონოდათ ინფორმაცია სამარათალდამცველი ორგანოების დაგეგმილ სპეცოპერაციაზე.

“სიტუაცია, სამწუხაროდ, ისეთი აღმოჩნდა, როგორც ერთ-ერთ ამბავში არის — იმდენჯერ იძახა მიხეილ სააკაშვილმა მგელი, მგელიო ტყუილად, რომ როცა მართლა ჩამოვიდა, არავის, სხვათა შორის, მის მომხრეებსაც არ სჯეროდათ ეს ისტორია. რთული იყო იმის დაჯერება, ამხელა პროვოკაციაზე თუ წავიდოდა მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”. არჩევნების წინა დღეს მისი გამოჩენა არის პირდაპირი პროვოკაცია და იერიშის მიტანა ჩვენს სახელმწიფოსა და არჩევნებზე. ამ კუთხით შეიძლება, იმედი გაგვიცრუვდა თუ მოლოდინებს გადააჭარბა, მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფომ გამოიჩინა სწორი რეაქციები და აღიკვეთა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება”, — განაცხადა პაპუაშვილმა და თქვა, რომ ფაქტობრივად, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმას.

შალვა პაპუაშვილი იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები “არ ჰგავდა ნამდვილს”, თუმცა, დაანონსების მიუხედავად, “ქართული ოცნების” ექსპერტებს ისინი არ გაუანალიზებიათ.

“მოგესალმებით ბუენოს აირესიდან”, — ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გუშინდელ ბრიფინგზე ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ცნობა და ვიდეოები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, “ქართული ოცნების” ლიდერებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, მამუკა მდინარაძემ, შალვა პაპუაშვილმა და სხვებმა, არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და გავრცელებული ვიდეოები Fake-ია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცახდებით კი, მისი თანაგუნდელები ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და ვიდეო მასაც აწყობილი გრაფიკა ეგონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი