ახალი ამბები

სააკაშვილმა თავისუფლება დათმო რეჟიმის დასამარცხებლად — მელია

1 ოქტომბერი, 2021 • 830
სააკაშვილმა თავისუფლება დათმო რეჟიმის დასამარცხებლად — მელია

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამომრჩეველს მოუწოდებს, ხვალ, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდნენ და ამით გაათავისუფლონ „ქვეყანაც და სააკაშვილიც“.

„ხვალ გვაქვს რეფერენდუმი ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას“, — მიმართა ნიკა მელიამ ამომრჩეველს.

მისი თქმით, ხვალინდელი არჩევნები „რეფერენდუმია“, რომელმაც ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები უნდა მოიტანოს, მათ შორის, უკეთესი ჯანდაცვა, მართლმსაჯულება, განათლება და ა.შ.

მელიამ თავის მიმართვაში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზეც, რომელიც დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, მაგრამ უცნობია, რა გარემოებებში.

„ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის.

დღეს ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით, მისთვის. პრობლემაა, როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა. საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოგვილოცავს გამარჯვებას ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე- თავისუფლებაზე.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც თქვა, ეს თავდადებული ნაბიჯია. მან თავისი თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის“, — თქვა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ხალხს ერთადერთი მარტივი მისია აკისრია: მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი