ახალი ამბები

გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერი, 2021 • 1382
გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში დააკავეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისში დააკავეს.

„რამდენადაც ვიცი, ის მარტო იყო“ ,— აღნიშნა ნიკა გვარამიამ და მიუთითა იმაზე, რომ ის მშვიდობიანად ჩაბარდა პოლიციელებს.

„ახლა უნდა დავმშვიდდეთ, არაფერი არ მომხდარა ტრაგიკული“ ,— თქვა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავში, ყოფილი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ ციხეშია გადაყვანილი. როგორც გვარამია ამბობს, დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად იურიდიულად დაიცავს სააკაშვილის ინტერესებს და მის მოსანახულებლად ციხეში დღესვე შევა. პარალელურად, საქმის კურსში ჩააყენებს სახალხო დამცველის ოფისსაც.

გვარამიამ ეჭვქვეშ დააყენა მთავრობის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართველი სამართალდამცავები იყვნენ ინფორმირებული სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და მისი გადაადგილების მარშრუტს სრულად აკონტროლებდნენ.

„გვაინტერესებს ამსახველი ვიდეომასალა, რომ საზღვარი გადმოკვეთა, უთვალთვალებდით, რომ ამ სახლში იყო. ამის ამსახველი მასალა გვაინტერესებს, დადეთ“, — მიმართა გვარამიამ ხელისუფლებას. გვარამიას ვერსიით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველი ოქტომბრის დილას ბათუმიდან გამოაქვეყნა ვიდეო და ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არ იყო ყალბი ჩანაწერი, დაიწყო მისი ძებნა საქართველოს ყველა ქალაქში, საბოლოოდ კი თბილისში იპოვეს და დააკავეს.

„მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და უნდა შემოხაზოთ ყველაფერი, 41 ნომრის გარდა“, — მიმართა გვარამიამ ამომრჩეველს. მან ასევე მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციასაც, თუ არ უნდათ, რომ ისინიც დაიჭირონ, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი