ახალი ამბები

“დაწერე განცხადება და გადადექი” — ცესკო ენმ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

1 ოქტომბერი, 2021 • 1191
“დაწერე განცხადება და გადადექი” — ცესკო ენმ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ენმ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ აცხადებს.

როგორც ცესკოს დღევანდელ, პირველი ოქტომბრის განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.

“საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან. შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად კუპრავა.

გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რამდენიმე თანამშრომელმა ასევე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც თანამშრომლებს მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ცესკოს თანამშრომლები ასეთ განაცხადს გააკეთებენ, ხელშეუხებლობის პირობას მიიღებენ.

თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო შეტყობინება გამოიგზავნა თანამშრომლებთან. აღნიშნული ნომერი ამჟამად გამორთულია”, — აცხადებს ცესკო და sms-ების სქრინებს ავრცელებს.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ასევე გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამომრჩეველთა ბარათების ფოტოები და დეზინფორმაცია, თითქოს, ზოგიერთ მისამართზე მიიღეს გარდაცვლილი პირების სახელზე გაცემული ამომრჩეველთა ბარათები, ან ისეთი პირების ბარათები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ.

“გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში”, — აცადებს ცესკო.

“ნაციონალურ მოძრაობაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ცესკოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი