ახალი ამბები

არ მგონია, სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს — ჯინ შაჰინი

1 ოქტომბერი, 2021 • 1667
არ მგონია, სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს — ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკურ ვითარებას არ განმუხტავს და ეს სასარგებლო არ იქნება.

მან ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” 1 ოქტომბერს, მანამდე ისაუბრა, სანამ მიხეილ სააკაშვილი განაცხადებდა, რომ საქართველოშია.

“ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე, როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია, მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება”,  —  განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი