ახალი ამბები

ხვიჩია კვლავ მზადაა, მიიღოს ფსონები სააკაშვილის ჩამოსვლა/არჩამოსვლაზე

1 ოქტომბერი, 2021 • 1207
ხვიჩია კვლავ მზადაა, მიიღოს ფსონები სააკაშვილის ჩამოსვლა/არჩამოსვლაზე

პარტიის „გირჩი“ წევრისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა. ხვიჩიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მზადაა, ამაზე ფსონებიც კი დადოს.

„ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მე დღესაც მზად ვარ იმ ფსონების მისაღებად იმ  ხალხისგან, ჩემი კოლეგებისგან, ვისაც სჯერა, რომ საააკაშვილი საქართველოშია.

ზოგადად, ცალკე პრობლემაა, შენი აშენებული ქალაქიდან ლაივს რომ დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. ამაზე საფიქრალია“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, უკვირს, რომ მიუხედავად პარტიის ლიდერის განცხადებებისა, პარტიის შიგნით ის ვერ პოულობს ადამიანს, ვინც „სანაძლეოს დადებს იმაზე, რასაც მათი ლიდერი ამბობს“.

მანამდე ხვიჩიამ  არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, ფსონები მიიღოს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა/არჩამოსვლის საკითხზე. ის ასევე აცხადებდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, „მას პორშეთი მივაცილებთ მისთვის სასურველ ადგილზე“.


მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია.  მომდევნო საათებში სააკაშვილმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ის ბათუმში იმყოფება. ვიდეოების უკანა ფონზე მართლაც ჩანს ბათუმის ხედი.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხს, შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ხოლო „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ვიდეოები მონტაჟია.

მასალების გადაბეჭდვის წესი