ახალი ამბები | , , ,

წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, თუმცა “ოცნება” სარგებლობდა დიდი უპირატესობით — ანგარიში

1 ოქტომბერი, 2021 | | 528
წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, თუმცა “ოცნება” სარგებლობდა დიდი უპირატესობით — ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.

“შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო”, — ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ.

“ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა. წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიცირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ არჩევნებზეც თვალშისაცემი იყო. წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება”, — ნათქვამია ანგარიშში.

ერთობლივი შეფასებით, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების არაეფექტურმა გამოძიებამ გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პროცესებზე და საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი გაზარდა.

წინასაარჩევნო კამპანია

ანგარიშის თანახმად, ოპოზიციურ პარტიათა ნაწილს რეგიონებში აქტიური კამპანია ბოლო დრომდე არ უწარმოებია და პროცესი მმართველი პარტიის დომინირებით მიმდინარეობდა. პარტიათა უმრავლესობას უკანასკნელ პერიოდამდე წარდგენილი არ ჰქონია საარჩევნო პროგრამა.

“ტრადიციულ” წინასაარჩევნო დარღვევებთან, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევებთან ერთად, 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდის მახასიათებლად იქცა შესაძლო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლე, რაც ძირითადად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა მიმართ ხორციელდებოდა”, — ნათქვამია წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში.

ძალადობრივი გარემო და ფიზიკური დაპირისპირება

ანგარიშის თანახმად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა დაპირისპირების სიმწვავე, რაც გამოიხატა ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაჭრის ფაქტებში; დაფიქსირდა ოპოზიციური კანდიდატის საკუთრების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაც.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დმანისის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი. ამ შემთხვევათა სწრაფ და სანდო გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდისა და მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის”, — ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ის, TI-საქართველოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს ავნო ძალადობის პროპაგანდის შემცველი ბილბორდების განთავსების შემთხვევებმაც.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/ მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სამსახურიდან წასვლის იძულებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის შემთხვევები იქცა. აღნიშნული ტენდენცია უმეტესად საქართველოს რეგიონებში გამოვლინდა და ძირითადად მიმართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგ.

“საგულისხმოა, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებები შეეხო როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისე არაპოლიტიკური თანამდებობის პირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა პოლიტიკური ნეიტრალიტეტისაგან და თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლება, პროფესიული უნარების ნაცვლად, პარტიული ერთგულების ნიშნით ხდება. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულ პირთა ნაწილი ღიად საუბრობს მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე”, — ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ის, TI-საქართველოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს საჯარო შეხვედრების ჩატარებასა და საოფისე სივრცეების დაქირავებაში შეექმნათ დაბრკოლება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების წარდგენილ კანდიდატთა მიერ კანდიდატურის მოხსნის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ოპოზიციური პარტიების ცნობით, მათმა კანდიდატებმა აღნიშნული გადაწყვეტილებები ზეწოლის შედეგად მიიღეს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავაც შეიმჩნეოდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან განხორციელება, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისა და მანიპულირების ნიშნებს შეიცავს.

აღნიშნულია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაკისრებული ჯარიმების (76 მილიონი ლარის ოდენობის) გაუქმება, მუნიციპალიტეტების განახლების 500-მილიონიანი გეგმის გამოცხადება და ა.შ.

“საგულისხმოა ისიც, რომ ივნისსა და ივლისში, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ბიუჯეტი შეიცვალა და თანხები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადამისამართდა. როგორც წესი, ასეთი პროექტებისა და ღონისძიებების გამოცხადება და შესრულება უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა, რაც მათი პოლიტიკური სარჩულის შესახებ აღძრავს ეჭვს”, — ნათქვამია ანგარიშში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასებულია მმართველი პარტიის სააგიტაციო შეხვედრებში საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა მონაწილეობა, რასაც ზოგჯერ ორგანიზებული სახე ჰქონდა.

ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, სოციალური მედიის პლატფორმებით მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის მასშტაბური კამპანია.

“საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. იმის გათვალისწინებით, რომ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად აღიქმებიან. სწორედ ამიტომ, ხშირად ხდება მათი სააგიტაციო მიზნით გამოყენება, მათ შორის, იძულების გზით. დირექტორებისა და მასწავლებლების აგიტაციაში ჩასართავად გამოიყენება როგორც წახალისების (დაწინაურება, ანაზღაურება), ისე ზეწოლა-მუქარის მეთოდი (სამსახურიდან გათავისუფლება, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად გაუგრძელებლობა, აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარება, და ა.შ.). ხშირი იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ დირექტორებისა და მასწავლებლების ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ხელშეშლა”, — ნათქვამია ანგარიშში.

ამომრჩევლის მოსყიდვა

ISFED-ის, TI-საქართველოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა.

“ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს ძირითადად მმართველი პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებები შეიცავდა. სავარაუდო მოსყიდვას მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის სახე ჰქონდა და, როგორც წესი, საქველმოქმედო ღონისძიებების საფარქვეშ ხდებოდა”, — ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი