ახალი ამბები

მასწავლებლების აცრა სავალდებულო არ ხდება – სამინისტრო

30 სექტემბერი, 2021 • 4811
მასწავლებლების აცრა სავალდებულო არ ხდება – სამინისტრო

განათლების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასწავლებელთა აცრა სავალდებულო ხდება.

მანამდე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, თქვა, რომ ასეთი ცვლილება იგეგმებოდა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აცრა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“ ,- ამბობს უწყება განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი