ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დიპლომატებმა ძალზე დადებითად შეაფასეს მიღწეული შედეგები” | შერიგების სამინისტრო

30 სექტემბერი, 2021 • 1306
“დიპლომატებმა ძალზე დადებითად შეაფასეს მიღწეული შედეგები” | შერიგების სამინისტრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის 10-წლიანი სტრატეგიული ხედვისა და ახალი ინიციატივების გაზიარება როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ასევე, ორივე მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების გაცნობა.

“შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხილულ იქნა შერიგების პროცესში სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები და მიმართულებები, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შექმნილ „მშვიდობის ფონდში“ საერთაშორისო დონორების ჩართულობის შესაძლებლობები”.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების აუცილებლობაზე გაამახვილა.

“საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძალზე დადებითად შეაფასეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები. მათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს”, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი