ახალი ამბები

გვარამია ელის, რომ სუსი მისი “მკვლელობის” დამკვეთად სააკაშვილს დაასახელებს

30 სექტემბერი, 2021 • 2969
გვარამია ელის, რომ სუსი მისი “მკვლელობის” დამკვეთად სააკაშვილს დაასახელებს

“ველოდები იმას, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი”, – ეს განცხადება მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სუს-ის მიერ მისი  შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.

სუს-ის წარმომადგენლის მიერ დღეს, 30 სექტემბერს, ინფრომაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამიამ მის შესაძლო ლიკვიდაციაზე თავად ისაუბრა.

“ერთი თვის წინ მე მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუსი და სიმართლე არის თუ არა. აბსოლუტურად არ შევსულვარ ამ განსჯაში. ვესაუბრე ელჩებს და მივედი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში. ვუთხარი ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილი იყო. მათ დაიწყეს გამოძიება. დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება, არაფერზე უარი არ მითქვამს, რომ მერე სალაპარაკო არ ყოფილიყო, რომ მე რაღაც არ ვქენი. ერთადერთი, რაზეც ვთქვი უარი, რომ ჩემთან სახლში ვერავინ იცხოვრებს და მითხრეს, რომ ეს არი არის პრობლემა. ამის შემდეგ მე არცერთი კითხვა არ დამისვამს. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდა სერიოზული, ვაგრძელებთ გამოძიებას და პრაქტიკულად გამოვრიცხავთ ყველაფერს. ასეთი ტიპის კომუნიკაციები იყო ჩემს ადვოკატთან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, დღეს სუს-ში მის შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, სუს-ში არ დაუდასტურეს, რომ იდენტიფიცირებულები რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა უთხრეს, რომ უცხოეთის მოქალაქეები არიან.

გვარამია არ გამორიცხავს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია თავად სუს-ის  მიერ იყოს პროვოცირებული და უცხოელ მოქალაქეებში უკრაინელები იგულისხმებოდნენ, რათა ბოლოს დამკვეთი სააკაშვილი აღმოჩნდეს.

“ახლა უკვე ეჭვი მეპარება იმაში, რომ 1 თვის წინ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ, საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი, ეს მიზნად ისახავს საზოგადოების დაზაფვრას, განსაკუთრებით- მედიასაზოგადოების.  მე უკვე ველოდები იმას, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. არავინ იცის, ვინ არის ეს ხალხი და რას ათქმევინებენ მათ. მეორე ვარიანტია, რომ ამით გადაიფარება ის, რაც ხდება ტელეკომპანია “ფორმულაში”, – განაცხადა გვარამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მას უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია მისცეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ, განუცხადა. მისივე თქმით, გვარამიას გარდა, შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე შესაძლოა სხვა ჟურნალისტიც ყოფილიყო. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ჟურნალისტზეა საუბარი და ხომ არ იგულისმხება მასში გიორგი გაბუნია.

 

სუს-ის განცხადებით, გვარამიას “შეკვეთილი მკვლელობის” რეალური საფრთხე შეიძლება არსებობდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი