ახალი ამბები

სუს-ის განცხადებით, გვარამიას “შეკვეთილი მკვლელობის” რეალური საფრთხე შეიძლება არსებობდეს

30 სექტემბერი, 2021 • 2012
სუს-ის განცხადებით, გვარამიას “შეკვეთილი მკვლელობის” რეალური საფრთხე შეიძლება არსებობდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მას მისცეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ, განუცხადა. მისივე თქმით, გვარამიას გარდა, შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე შესაძლოა სხვა ჟურნალისტიც ყოფილიყო. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ჟურნალისტზეა საუბარი და ხომ არ იგულისმხება მასში გიორგი გაბუნია.

“კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და, შესაბამისად, ჩვენ მიერ მიეცა რეკომენდაციები უსართხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, და მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად შეკვეთის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც”, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

დღესვე სუს-ში იმყოფებოდა თავად ნიკა გვარამიაც. მან სუს-ის წარმომადგენლის მიერ ინფორმაციის გავრცელებას უპასუხა და აღნიშნა, რომ კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა აღნიშნული ინფრომაციის მედიისთვის თქმა თავად მას აუკრძალა.

“კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად. იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის-თქო, მაგრამ იმედი გადამეწურა. ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკა გვარამიამ მასზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ სუს-ს ინფრომაცია აგვისტოში მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი