ახალი ამბები

59 კანდიდატის მიმართ სავარაუდო ზეწოლის და დაშინების ფაქტები გამოვლინდა — ომბუდსმენი

30 სექტემბერი, 2021 • 929
59 კანდიდატის მიმართ სავარაუდო ზეწოლის და დაშინების ფაქტები გამოვლინდა — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციურ კანდიდატებზე, სავარაუდოდ, განხორციელდა ზეწოლა, გამოვლინდა სავარაუდო დაშინების, დისკრიმინაციულად სამსახურიდან გათავისუფლების, პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები.

ომბუდსმენის განცხადებით, ასევე გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კანდიდატების შესაძლო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები

სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ, რომლის მიზანიც კანდიდატობაზე უარის თქმა იყო. ზეწოლისა და დაშინების შედეგად აღნიშნული პირების უმეტესობამ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებები დაწერეს.

მათგან 52 კანდიდატი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელი იყო, 6 მათგანი – “ნაციონალური მოძრაობის” და 1 — “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის”.

“კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან.

პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჰპირდებოდნენ.

ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ”, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტებიდან 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გარდა ამისა, ომბუდსმენი საყურადღებოდ მიიჩნევს პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანების, საარჩევნო ბანერის მოპარვის, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლის და სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლას.

ბრიფინგზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზეც:

“თავად განმცხადებლები ან პარტიები, რომლებიც მოგვმართავენ ჩვენ, ასახელებენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ადგილობრივ ერთეულებში, როგორც ზეწოლის განმახორციელებელ პირებს. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ამ ტიპის ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ადამიანები უარს ამბობენ როგორც სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან საუბარზე. მათ არ სურთ მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლების, დაშინებების გარემოებების თაობაზე არც საჯაროდ და არც კონფიდენციალურად საუბარი.

ეს მე პირადად მიღრმავებს იმის განცდას და რწმენას, რომ მათ ამ მუქარების რეალურად განხორციელების მოლოდინი აქვთ და შეშინებულები არიან, რადგან დუმილი გამოიკვეთა როგორც ტენდენცია”, — განმარტა ლომჯარიამ.

სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების და შევიწროების სავარაუდო შემთხვევები

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების ან სამსახურში შევიწროების 69 შემთხვევაა გამოვლენილი. მათი უმეტესობა ამის მიზეზად გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაურ, მეგობრულ ან კეთილგანწყობილ ურთიერთობებს ასახელებს.

ომბუდსმენის განცხადებით, სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. გათავისუფლებულებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალური სამსახურების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ების, ააიპ-ების და სხვა საჯარო დაწესებულებების ყოფილი თანამშრომლები. ასევე გამოვლინდა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი შემთხვევაც.

“მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ზემდგომი პირები უშუალოდ ანდა სხვა პირების დახმარებით სთხოვდნენ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი- არა. მათი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებაზე, სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს”, — აცხადებს ომბუდსმენი.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ომბუდსმენს განუცხადეს, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 5 პირი, მოწმის სახით კი უწყებაში 40 ადამიანი გამოიძახეს. გამოკითხული მოქალაქეები სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს ადასტურებენ.

ომბუდსმენის ცნობით, აღნიშნულ საქმეებზე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები გრძელდება. ამ დროისთვის დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირი არ არის ცნობილი.

“ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ შსს-ს თანამშრომლების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის 5 ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არ არის ცნობილი”, — განმარტებულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი ასევე სწავლობს პოლიტიკური დისკრიმინაციის შესაძლო 14 საქმეს.

ძალადობის და მოსყიდვის ფაქტები წინასაარჩევნო გარემოში

სახალხო დამცველი განცხადებაში საუბრობს წინასაარჩევნოდ ფიზიკური დაპირისპირებებზეც, მათ შორის აღნიშნულია დმანისში ოპოზიციის 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტები. ამასთან, სახალხო დამცველის ცნობით, აპარატს სამართალდამცავი უწყებებიდან კიდევ 4 ფიზიკური დაპირისპირების შესახებ აქვს გამოთხოვილი ინფორმაცია.

მომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე სახალხო დამცველმა 5 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. უწყებისგან სახალხო დამცველმა მიიღო ინფორმაცია, რომ 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და 4 ფაქტზე დაწყებულია შესწავლა.

ამასთან, ძალადობის ფაქტებზე საუბრისას, სახალხო დამცველი 5-6 ივლისის მოვლენებზეც საუბრობს. კერძოდ, ომბუდსმენის განცხადების თანახმად, ამ დრომდე არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი მოვლენების ორგანიზების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ.

ასევე, სახალხო დამცველი განცხადებაში საუბრობს,სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებაზეც:

“დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება, რომელიც მაღალი ალბათობით მათი პოლიტიკური ნიშნით შევიწროების მიზნით გამოიყენება. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს მანამდე არსებული პრაქტიკაც. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარსულში შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება საარჩევნო პერიოდში ბაღის და სკოლის დირექტორების სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების პრობლემა. ასევე, ერთ-ერთი საქმის შესწავლისას სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია, რადგან გამოიკვეთა, რომ განმცხადებლისთვის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობით იყო განპირობებული”, – განმარტებულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნული სავარაუდო ფაქტების გათვალისწინებით სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ყველა შესაძლო ზეწოლის, მუქარის, დევნის, ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დანაშაულის ნიშნების მქონე სხვა ფაქტები; ჩატარდეს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით.
  • უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირებულობა ყველა დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე

ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს:

  • არ დაუშვან პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა დისკრიმინაცია და სამსახურიდან გათავისუფლება;
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირების დაცვას პოლიტიკური ზეწოლის, დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. უფლებადამცველებთან მიმართებით იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი