96 წლის ქალი, რომელიც წარსულში ნაცისტური ბანაკის მეთაურის მდივნად საქმიანობდა, 30 სექტემბერს გერმანიის სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო, თუმცა პროცესამდე მოხუცთა თავშესაფრიდან გაუჩინარდა. მოსამართლემ მისი დაკავების ორდერი გამოსცა.
BBC-ის თანახმად, ირმგარდ ფურშნერს 11 000 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებიან. ის შტუტოფის ნაცისტური ბანაკის კომენდანტის, პოლ-ვერნერ ჰოპის მდივანი იყო. ბანაკი მდებარეობდა თანამედროვე პოლონეთის ქალაქ გდანსკთან ახლოს, რომელიც მაშინ ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული.
პატარა ქალაქი, რომელშიც ზემოხსენებული მოხუცთა თავშესაფარი ოპერირებს, ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს ქალაქ იცეჰოედან, რომლის სასამართლოშიც ფურშნერი უნდა გამოცხადებულიყო. სასამართლოს პრესსპიკერის თქმით, მან ტაქსი გამოიყენა თავშესაფრის დასატოვებლად.
The Guardian-ის მიხედვით, ბანაკში მუშაობის დაწყებისას ფურშნერი 18 წლის იყო. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რა ფორმითა და დოზით მონაწილეობდა ფურშნერი მასობრივ მკვლელობებში, რომელთაც ხსენებულ ბანაკში ჰქონდა ადგილი.
ბრალდების ვერსიით, 1943-45 წლებში ქალი “დაეხმარა ბანაკის პასუხისმგებელ პირებს ებრაელი ტყვეების, პოლონელი პარტიზანების და საბჭოთა რუსი სამხედრო ტყვეების სისტემატურ მკვლელობაში, ბანაკის მეთაურის სტენოგრაფისტისა და მდივნის პოზიციაზე [საქმიანობისას]”.
თავად ირმგარდ ფურშნერს, რომელსაც შტუტჰოფის ბანაკის საქმეზე მოწმედ იძახებდნენ 1954-82 წლებში, ნათქვამი აქვს, რომ ბანაკის მეთაური სისტემატურად კარნახობდა სხვადასხვა სახის შეტყობინებებს. თუმცა ქალი ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა მკვლელობების შესახებ.
30 სექტემბერს, 96 წლის ფურშნერის გაუჩინარების შემდეგ, ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა და მოკლულთა ნათესავებმა შეშფოთება გამოხატეს ამ ფაქტის გამო.
შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც ცნობილი იყო სასტიკი პირობებით, 100 000 ადამიანი იყო დაკავებული. არსებული მონაცემებით, 65 000 პირი დაიღუპა. ადამიანებს კლავდნენ როგორც გაზის კამერებში, ისე იარაღიდან სროლითა და სასიკვდილო ინექციებით. ზოგიერთი შიმშილმაც იმსხვერპლა.
The Guardian-ის თანახმად, ჰოლოკოსტის თემაზე მომუშავე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ხსენებულ პროცესთან დაკავშირებული პირების გასამართლებას დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როცა ათწლეულების მანძილზე სასამართლო სისტემამ ვერ შეძლო ამავეს გაკეთება ნაცისტური რეჟიმის გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურების შემთხვევაში.
ფურშნერისა და სხვა ბრალდებულთა ასაკიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი რეალურად დააპატიმრონ.