ახალი ამბები

გახარია ნარკოტიკებზე თმის ნიმუშის კვლევის პასუხს აქვეყნებს

30 სექტემბერი, 2021 • 1315
გახარია ნარკოტიკებზე თმის ნიმუშის კვლევის პასუხს აქვეყნებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუკზე ამჯერად აქვეყნებს თმის ნიმუშით ჩატარებული ნარკოტესტირების შედეგს, რომლის თანახმადაც, მას არ უდასტურდება არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.

„ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა“, – წერს იგი.

დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იწვევდა იმავეს გაკეთებისკენ.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს „კოკაინშიკი“ უწოდა.

13 სექტემბერს გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ანალიზებს არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებდა.

16 სექტემბერს კი მან განაცხადა, რომ ავსტრიაში იმყოფებოდა, ანალიზებიც ჩააბარა და პასუხების თანახმად ნარკოტიკის მოხმარება არ დაუფიქსირდა.

კერძოდ, გახარიამ მაშინ ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.

მან მაშინ დადო პირობა, რომ თმის ნიმუშზე ტესტის შედეგსაც გამოაქვეყნებდა.

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი