ახალი ამბები | ,

“ოცნების” ფინანსები 2.5-ჯერ აღემატება ერთად აღებული 12 პარტიის ფინანსებს — TI

30 სექტემბერი, 2021 | | 550
“ოცნების” ფინანსები 2.5-ჯერ აღემატება ერთად აღებული 12 პარტიის ფინანსებს — TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” ფინანსები, როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ, თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიის ფინანსებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს მიუთითებს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე და საარჩევნო გარემოს აზიანებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით შეისწავლა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები. კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 ლარი შესწირეს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები

“TI-საქართველოს” ანგარიშის თანახმად, 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, მთლიანობაში, 11 905 640 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის დაახლოებით 70% — 8 288 650 ლარი, მმართველ პარტიაზე მოდის. 774 721 ლარით მეორე ადგილზეა ენმ, მესამეზე კი „გახარია – საქართველოსთვის“ 758 701 ლარით.

ამასთან, სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 83% კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 17% იყო სახელმწიფო დაფინანსება. 13 საარჩევნო სუბიექტიდან საანგარიშო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ რვამ მიიღო, აქედან ყველაზე მეტი- სამმა პარტიამ:

  • “ქართული ოცნება” — 7 837 030 ლარი (ყველა შემოწირულების 84%);
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 757 811 ლარი;
  • ენმ — 543 182 ლარი;

საბანკო სესხით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ” ისარგებლა, რომელმაც 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 12 თვის ვადით 500 000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით.

საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები

13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით 10 926 299 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 70% (7 600 097 ლარი) „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 796 369 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო — მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი — „გახარია – საქართველოსთვის“ 703 604 ლარით.

საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 61% რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 6%) და შრომის ანაზღაურება (4%).

რეკლამაზე ყველაზე მეტი (5 299 065 ლარი) „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 79%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (3 837 787 ლარი) დაიხარჯა, რომლის უდიდესი ნაწილიც – 88% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.

პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები

ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი-12 სექტემბერი), ჯამში, დაახლოებით 122.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 4.5 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იმავე პერიოდში დაახლოებით 2 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ:

  • ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო” მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა 12-მა პირმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში, ჯამში, 512,000 ლარი შესწირა. ანგარიშის თანახმად, ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას;
  • შპს „არსაკიძე-2000”-ის მფლობელები მოკლე დროის შუალედში სწირავენ ხოლმე ფულს მმართველ პარტიას. ამ ჯგუფში შემავალმა 15-მა პირმა წელს მმართველ პარტიას, ჯამში, 670 000 ლარი შესწირა;
  • წლის განმავლობაში 23 მლნ ლარის ტენდერის მომგები კომპანიების — „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″ — მფლობელმა ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას”, ჯამში, 45,000 ლარი შესწირეს;
  • შპს „არალმა”, 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიას 50 000 ლარი შესწირა.
  • კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”, რომელმაც „ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის მფლობელი ყოფილი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და მისი ოჯახის წევრები არიან.

აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ფულის შეწირვა დაავალეს. “საერთაშორისო გამჭრვივალობა — საქართველოს” მიერ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა, ჯამში, 714 000 ლარი შესწირა.

“ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა, წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას”, — ნათქვამია ანგარიშში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ანგარიშში მოხვდა, ასევე, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ორი ტელევიზიის წარმომადგენლის საწინააღმდეგო ბილბორდები, რომელთა შინაარსი წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეულ ფულად ხარჯზე ვრცელდება შემოწირულებებისთვის კანონით დაწესებული რეგულაციები.

ანგარიშში საუბარია დარღვევებზე “გირჩის” მიერ. კერძოდ, აგვისტოში პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საუბნო საარჩევნო კომისიებში მათთვის განკუთვნილ ადგილებს აუქციონის წესით ყიდის, რაც TI-საქართველოს შეფასებით, შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს და დეკლარირებას დაექვემდებაროს, თუმცა “გირჩს” ადგილების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში დეკლარირებული არ აქვს.

გარდა ამისა, „გირჩმა” შეიძინა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილი საარჩევნოდ გასათამაშებლად.

„გირჩს” არცერთ სამკვირიან დეკლარაციაში ამ ავტომობილის ყიდვის ხარჯი არ აქვს მითითებული, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს”, — ნათქვამია ანგარიშში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” შეფასებით, აუცილებელია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე და შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, დაადგინოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული იმ ბილბორდების დაფინანსების წყარო, რომლებზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები არიან გამოსახული და კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები და შეისწავლოს „გირჩის” შესაძლო დაუდეკლარირებელი შემოსავალი და ხარჯი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი