ახალი ამბები

სანიკიძის თქმით, “პარტიუკები” სააკაშვილს “ხელს უშლიან სიდიადეში”

29 სექტემბერი, 2021 • 1689
სანიკიძის თქმით, “პარტიუკები” სააკაშვილს “ხელს უშლიან სიდიადეში”

პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიების ნაწილი თავს იფასებენ და მიხეილ სააკაშვილს “სიდიადეში ხელს უშლიან”. ამის შესახებ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და  კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

სანიკიძის თქმით, “ფიანდაზები არავისთვის გაიგება”. სანიკიძე არ იზიარებს მოსზრებას, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის, რაც საბოლოო ჯამში, სწორედ მმართველ პარტიას უფრო აძლევს ხელს. მან დაკონკრეტების გარეშე ასევე გააკრიტიკა პატარა ოპოზიციური პარტიების ნაწილი და პარტიუკები უწოდა. სანიკიძის თქმით, საუბრობს იმ პარტიებზე, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ, მაგრამ ხმებს ვერ იღებენ.

“მიშა და ბიძინაა ამ ქვეყანაში რეალურად კონკურენტები, დანარჩენები არიან დანამატები, კი ნუ სწყინთ. ვინმემ ამიხსნას ეს კონფიცგურაცია – სააკაშვილი რომ გაიწიოს ახლა, რატომ ჰგონიათ იმ პარტიუკებს, რატომ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის 30%-იან მხარდაჭერას თვითონ მიიღებენ, საიდან მოაქვთ ეს. ხელს უშლიან სიდიადეში “, – განაცხადა სანიკიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში სააკაშვილის პარტნიორია და 2 სექტემბერს მას თბილისის აეროპორტში დახვდება.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი