ახალი ამბები

მელია: ვიღაც დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაც — მამასთან

29 სექტემბერი, 2021 • 1166
მელია: ვიღაც დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაც — მამასთან

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ სააკაშვილი მშვიდობიანად გეგმავს ქვეყანაში ჩამოსვლას.

“ქალბატონმა წულუკიანმა გუშინ ძალიან უკბილოდ, უზნეოდ და კნინობითად, დამცინავად თქვა, დედასთან ერთად მოდისო. დიახაც, საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხ პერიოდში მშობლებთან ერთად ვიბრძვით — ვიღაცა დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაც მამასთან ერთად იბრძვის, ვიღაც დასთან და ძმასთან ერთად იბრძვის, იმიტომ, რომ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები.

ამ ჟესტით მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ იგივე გულისხმობს მშვიდობიან აქტს და ძალიან კარგადაც ითვალისწინებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის წუხილს. პირველ რიგში, თუ ვინმეს არ გვსურს, რეჟიმს მივცეთ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა, ეს ვართ ჩვენ.

მაგრამ ადამიანს არ სურს, იყოს დევნილობაში და ამბობს, საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების, თავისუფლების ხარჯზე მოვდივარო”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არავინ იცის, სად დასვამს საქართველოს ხელისუფლება თვითმფრინავს, რომლითაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

კულტურის მინისტრმა სასაცილო უწოდა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი საქართველოში დედასთან ერთად ჩამოდის.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი