ახალი ამბები

ძალადობა მედიაზე და ტოტალური მოსმენა — წინასაარჩევნო მეიდიაგარემო TI-ის კვლევაში

29 სექტემბერი, 2021 • 901
ძალადობა მედიაზე და ტოტალური მოსმენა — წინასაარჩევნო მეიდიაგარემო TI-ის კვლევაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიაგარემოსთან მიმართებით არსებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა. ამის შესახებ TI წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების ანგარიშში წერს.

ანგარიში მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს. TI-ის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მედიის წინააღმდეგ თავდასხმისა და მუქარის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან ამ დრომდე მედიის, სულ მცირე, 23 წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

“მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა”, — ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 29 სექტემბერს გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე,

“მაგალითად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა”, — აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, TI აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პერიოდში მედიის ხელმძღვანელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებიც გამოვლინდა, რამდენიმე ჟურნალისტმა კი სამსახური დატოვა საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო.

TI-ს ანგარიშში ასევე საუბარია მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ და მუქარის შემცველ რიტორიკაზე, რამაც, როგორც TI აღნიშნავს, ყოველდღიური სახე მიიღო. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მიიჩნევს, რომ ასეთი რიტორიკა მედიის წინააღმდეგ ძალადობას ახალისებს და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ “ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს”.

“მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს”, — წერს TI.

ორგანიზაცია ანგარიშში ასევე საუბრობს უკანონო მოსმენების შესახებ და აღნიშნავს, რომ უსმენენ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებსაც, რასაც ტოტალური ხასიათი აქვს.

“საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი”, — ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, “მათ შორის, ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით”.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

მთავარ ფოტოზე: ჟურნალისტების საპროტესტო აქცია აჭარაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი