ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატების სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა

28 სექტემბერი, 2021 • 844
თბილისის მერობის კანდიდატების სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა

partiebi.ge-მ თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებები გამოაქვეყნა. ვებგვერდზე შესაძლებელია სულ 5 კანდიდატის: კახა კალაძის, ნიკა მელიას, გიორგი გახარიას, ანა ბიბილაშვილისა და თამარ კეკენაძის ხედვების ნახვა, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

ხუთივე კანდიდატი საუბრობს როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე, თუმცა განსხვავებულია მათი პროგრამა. ცალკეულ შემთხვევაში მერობის კანდიდატების ხედვები ზოგადია და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება. შესაბამისად, რთულია იმის გაგება, კონკრეტულად რა იგულისხმება მათი ხედვების უკან.

partiebi.ge-ზე მოცემულ ინფორმაციას კანდიდატების სოციალური  და ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ  უცვლელად გთავაზობთ.

სოციალური პოლიტიკა

“ქართული ოცნება” – კახა კალაძე – ჩვენი თანაქალაქელების პრობლემები პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მტკივნეული საკითხია და მზად ვართ, ამ მიმართულებით, თბილისელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. სოციალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საკითხი დგას. სამწუხაროდ, მრავლად გვყავს ოჯახი, რომლებმაც სახლ-კარი სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგა. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა, ერთიანი ხედვით, ჩამოვაყალიბეთ უსახლკარობის პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტის გზები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სამოქმედო გეგმას.

ამას გარდა, ჩვენი მიზანია, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, 4 წლისთავზე თბილისში აღარ იყოს არცერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და დაკმაყოფილდეს ყველა უსახლკარო თუ დაზარალებული ოჯახი. მზრუნველი ქალაქის კონცეფცია თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ერთი მხრივ, მოქალაქეთა საჭიროებების, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ამის დასტურია უკვე განხორციელებული მხარდაჭერის ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორულ პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა და სამომავლო გეგმებში კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული სუბიექტების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი საშეღავათო პროგრამებით. მზრუნველი ქალაქის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:

  • არცერთი უსახლკარო ოჯახი – არსებული მწვავე პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჩვენ მუშაობის სისტემური მიდგომა ვარჩიეთ, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ახალი პროგრამის შექმნას, რომლითაც მოხდება უსახლკარო ოჯახებისთვის საჭირო საცხოვრებელი ფართობების შეძენა და სარგებლობის უფლებით გადაცემა. ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტში აღარ გვეყოლება არცერთი უსახლკარო ოჯახი.
  • არცერთი დაუსრულებელი მშენებლობა – 2018 წლიდან მერიამ დაიწყო მუშაობა დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტაზე. შეიქმნა დაუმთავრებელი მშენებლობების განმხილველი სპეციალური კომისია და იდენტიფიცირდა 179 დაუმთავრებელი მშენებლობა, ანუ 13000 დაზარალებული ოჯახი. დასაკმაყოფილებელი საერთო სამშენებლო ფართობი კი 1 000 000 კვმ-მდე განისაზღვრა.

ნიკა მელია – ძალა ერთობაშია – თბილისისთვის, მთელი ქვეყნის მსგავსად, სიღარიბე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად (იხ. ჩვენი ეკონომიკური ხედვა) მნიშვნელოვანია, სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები  სწორად, მიზანმიმართულად, ყოველგვარი დისკრიმინაციის (განსაკუთრებით პოლიტიკური ნიშნით) გარეშე იხარჯებოდეს. არსებული პროგრამებიდან თვისებრივ განახლებას საჭიროებს უფასო სასადილოების პროექტი, რომლითაც 40 000-მდე მოქალაქე სარგებლობს და რომლის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მუნიციპალურ დონეზე (რომელთან ურთიერთობაც მოქალაქეს მაქსიმალურად უნდა გაუმარტივდეს) უნდა მოხდეს ბევრი სახელმწიფო პროგრამის ინტეგრაცია. მნიშვნელოვანია, მოქალაქეს “ერთი ფანჯრის” პრინციპით შეეძლოს მისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების პაკეტების მიღება, რაც უფრო ეფექტურს გახდის ამ პროგრამების ადმინისტრირებას და  ბენეფიციართათვის მათ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის – ჩვენი მიზანია სოციალურად უზრუნველყოფილი თბილისი!

  1. მიზნობრივი მუნიციპალური ან ადგილობრივი სოციალური დახმარების სქემების შექმნა, რომელიც ჩაანაცვლებს დღეს არსებულ სისტემას და  რეალური შემავსებლის ფუნქციას შეასრულებს;
  2. ჯანდაცვის პროგრამებისა და მედიკამენტების დაფინანსების მასშტაბის გაზრდა პრიორიტეტული კატეგორიების მიხედვით;
  3. “შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამის” გაფართოება და თანადაფინანსების არეალის გაზრდა;
  4. თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის რესურსების ზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება;
  5. უფასო სასადილოების მუშაობის გაგრძელება და მათი სერვისების ხარისხის გაუმჯობესება;
  6. შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და არსებულის გამართვა – ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირება;
  7. 170-მდე ნგრევადი საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია-განსახლება, იქ მცხოვრებ პირთათვის სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაცული საცხოვრებელი პირობების შექმნა;
  8. “არცერთი ბავშვი ბაღის გარეშე” – მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბაღების რაოდენობის გაზრდა. მათ შორის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის მოდელის დანერგვით.

ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის – ჩვენი მიზანია, თბილისელებს შევთავაზოთ ახალი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები: სმენადაქვეითებულებისა და უსინათლოების, ეტლით მოსარგებლეთა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პროგრამა, რომელიც წაახალისებს შშმ პირთა დასაქმებას  როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

შეიქმნება დიაგნოსტიკის, სამკურნალო და რეაბილიტაციის საერთაშორისო დონის (დიღმის) სამედიცინო კლასტერი, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურით (პარკინგი, ტრანსპორტი, გამწვანება) ქალაქის მთავრობა (მერია) უზრუნველყოფს. მის ტერიტორიაზე მოეწყობა საკონფერენციო სივრცე, საერთაშორისო სადემონსტრაციო და სამედიცინო ტრენინგ ცენტრი. კლასტერი გახდება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების საბაზო-დიაგნოსტიკური და სამკურნალო დაწესებულებების კომპლექსი.

დავნერგავთ დამატებით დიაგნოსტიკურ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მუნიციპალურ პროგრამებს, რომლებიც  ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსებას უზრუნველყოფს.

შევქმნით სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც თბილისის მოწყვლად მოსახლეობას  უფასოდ და შეღავათიანი ფასებით მიაწოდებს მედიკამენტებს.

თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – სწორი, კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავების საფუძველი  რეალური დეცენტრალიზაციაა. ქალაქის ბიუჯეტმა მხოლოდ ამგვარად დაგეგმილი სოციალური პროგრამები უნდა განახორციელოს – კონკრეტული მონიტორინგით, შედეგების გათვლით, სოციალური პრობლემების შემცირებისკენ მიმართული ხედვით. ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მოქალაქეები.

ჯანდაცვა

კახა კალაძე – ქართული ოცნება –მომდევნო წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებს დაემატება შემდეგი პროგრამები:

  • ონკომედიკამენტების პროგრამის გაფართოება –  მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა გაფართოვდება, რაც გულისხმობს ონკოლოგიური დიაგნოზების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდასა და არაჰოჯკინის ლიმფომისა თუ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
  • სახსრების ენდოპროთეზირება – დაფინანსდება სახსრების ენდოპროთეზირება, რაც გულისხმობს თბილისის მოსახლეობისთვის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
  • ორგანიზებული სკრინინგი – განხორციელდება დაავადებათა ორგანიზებული სკრინინგი, რაც გულისხმობს კიბოს პრევენციის მიზნით მოსახლეობის დროულ ჩართვას მიზნობრივ გამოკვლევებში.
  • გაფანტული სკლეროზის გამოკვლევების პროგრამა – გაფართოვდება გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, რაც გულისხმობს აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევის, კერძოდ, მრტ-კვლევის დაფინანსებას.
  • ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა – ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების ხელმისაწვდომობისა და სწორი დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ძუძუს ექოსკოპიის, მრტ-კვლევისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების დაფინანსება.
  • დაავადებათა სკრინინგის გაფართოება – გაფართოვდება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტი, კერძოდ, დაემატება HPV-ტესტირება, რაც გულისხმობს კვლევის უფრო თანამედროვე და მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობას.
  • შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისის პროგრამა – შშმ პირთა მხარდასაჭერად, სპეციალური სტანდარტის მიხედვით დაფინანსდება პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რაც გულისხმობს განათლების მიღების, სამუშაოს შესრულების, საჯარო სერვისებით სარგებლობის ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას მათ მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება – აღნიშნული პროგრამა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ძვირადღირებულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და შემდეგი მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსებას: ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მრტ-კვლევა.

ნიკა მელია – ძალა ერთობაშია – განვითარებული ეკონომიკის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. დაფინანსება, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად,  ყველას უნდა შეეხოს.

ჯანდაცვაში მდგომარეობის გაუმჯობესება, დიდწილად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის შედეგებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მწვავედ დგას კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინაციის პრობლემა, რომლის ეფექტურობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუნიციპალიტეტის ორგანოებს – როგორც პოპულარიზაციის, ასევე, ვაქცინაციის პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისთვის.

გარდა ამისა,  თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები მიზნობრივ ჯგუფებზე უფრო ეფექტურად უნდა იქნეს მიმართული.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის – გაიზრდება ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები, გაფართოვდება ბენეფიციართა წრე და დაემატება ახალი პრიორიტეტული მიმართულებები.

ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის – ამ მიმართულებით იგეგმება საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების ექიმისა და ექთნის ინსტიტუტის გაძლიერება.

შევქმნით დამატებით დიაგნოსტიკურ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მუნიციპალურ პროგრამებს ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსებისთვის.

შევქმნით სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს უფასოდ და შეღავათიანი ფასებით მედიკამენტების მიწოდებას თბილისის მოწყვლადი მოსახლეობისათვის, რომელიც ამ კატეგორიის ინტერესებს დაიცავს.

თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – არსებულ პროგრამებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მიზნობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში. ამჟამად ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 8%-9%-იან ნიშნულს არ სცდება ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შემთხვევაში. კიდევ უფრო დაბალია წინამდებარე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროცენტულობა. 4 წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით ამ ციფრების მინიმუმ, გაორმაგებას ვგეგმავთ.

მეორე მიმართულება თბილისში (და მთლიანად ქვეყანაში) კოვიდის მართვის გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას და ელექტრონული სერვისების დანერგვას. ახალი თაობის მუნიციპალურ სერვისცენტრებში ვგეგმავთ კოვიდვაქცინაციის, ტესტირების და ინფორმაციის მიწოდების სერვისების დანერგვას – კოვიდ პასპორტებს, QR კოდებს და ონლაინ რეგისტრაციას.

კიდევ ერთი ინიციატივა თბილისის ყველა მცხოვრებისთვის ჯანდაცვის ინდივიდუალური გეგმის შეთავაზებაა. თითოეულ მოქალაქეს ექნება პერსონალური ჯანდაცვის გეგმა – დაბადების მომენტიდან (ან პროგრამაში ჩართვიდან), რაც  საშუალებას მისცემს, ოჯახის ექიმის დახმარებით ჩაიტაროს ყველა სავალდებულო აცრა, გაიაროს საჭირო გასინჯვები (მათ შორის, სიმსივნის სკრინინგი), ჰქონდეს წვდომა რეცეპტით დანიშნულ წამლებზე, დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი ან საჭირო პროცედურა მისთვის მისაღებ დროს და ადგილას.


www.partiebi.ge 2012 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

პროექტის მიზანია, მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე გათვლილი და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. ამავე პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციასა და დებატების რაციონალური, საქმიანი და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი