ახალი ამბები

რას ფიქრობენ თბილისის მერობის კანდიდატები საბინაო პოლიტიკაზე

28 სექტემბერი, 2021 • 1022
რას ფიქრობენ თბილისის მერობის კანდიდატები საბინაო პოლიტიკაზე

Partiebi.ge-მ, რომელიც პარტიების საარჩევნო პროგრამებსა და კანდიდატების მოსაზრებებს პერიოდულად აქვეყნებს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატების ნაწილის ხედვები გამოაქვეყნა.

სხვა საკითხებთან ერთად, Partiebi.ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ თბილისის მერობის კანდიდატები ქალაქის საბინაო პოლიტიკის შესახებ.

პარტია “ლელოს” მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის განცხადებით, თბილისის საბინაო პოლიტიკამ უნდა მოიცვას როგორც ავარიული ნაგებობების ჩანაცვლების სქემა, ისე სოციალური საცხოვრისების სისტემური განვითარების კურსი.

“დღესდღეობით თბილისს, ფაქტობრივად, არა აქვს საბინადრო პოლიტიკა, მაშინ, როცა საბჭოთა საცხოვრისების უმეტესობას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, უამრავი ადამიანი კი ავარიულ შენობებში ცხოვრობს. ჩვენი აზრით, უნდა მომზადდეს სწორი და სტრატეგიულად გაწერილი საბინაო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც ავარიული ნაგებობების ჩანაცვლების სქემას, ისე სოციალური საცხოვრისების სისტემური განვითარების კურსს. აღნიშნული პროექტები უნდა განხორციელდეს კერძო დეველოპერებისა და ქალაქის მმართველობის აქტიური თანამშრომლობით, ისე, რომ შედეგებში ასახული და გათვალისწინებული იყოს ქალაქის ინტერესები”, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

გიორგი გახარიას ხედვით, რომელიც პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატია, ურბანული პოლიტიკის კუთხით პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები:

  • სამშენებლო ნებართვების გაცემა ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისა და იერსახის შემდგომი დამახინჯებისგან თავის არიდების გათვალისწინებით, ბიზნესის ინტერესებისა და კერძო საკუთრების მკაცრი დაცვის პირობით; ქალაქგეგმარებითი სტანდარტების მკაცრად დაცვა, კორუფციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, მეტი პრიორიტეტი სარეკრეაციო სივრცეებს;
  • ავლაბრის, სოლოლაკისა და სხვა ისტორიული უბნების მასშტაბური რეაბილიტაცია-განახლება კერძო სექტორის ჩართულობით;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდების ტემპისა და ხარისხის მორგება ქალაქის ზრდის ტემპზე;
  • სწრაფად მზარდ რაიონებში (მაგ: დიდი დიღომი, თბილისის ზღვის ტერიტორია და სხვა) შესაბამისი სოციალური და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიწოდება – საჯარო სკოლები, ბაღები, საკმარისი მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ.;
  • მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხის ზრდა, როგორც შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა/განახლების, ისე პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებით;
  • კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფა;
  • ქალაქის ურბანული იერსახის გაუმჯობესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში არსებული დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტის დასრულება, კერძო სექტორის ჩართულობითა და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოსა და ბენეფიციართა შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმით.

კახა კალაძემ საბინაო პოლიტიკაზე საკუთარი ხედვები Partiebi.ge-ს არ გააცნო. მისი მოსაზრებები ორგანიზაციამ საჯარო გამოსვლებიდან მოიძია.

კალაძის თანახმად, “სოციალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საკითხი დგას”.

“ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა ის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო, რის გამოც 4 წლის წინ თქვენი ნდობა და მხარდაჭერა ვითხოვე. ეს ამოცანა ჩემთვის იყო, არის და იქნება უპირობო პრიორიტეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გუნდი ზრუნავდა ჩვენს ქალაქსა და თითოეულ მოქალაქეზე, მრავალი სოციალური პროექტიც განვახორციელეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენი თანაქალაქელების პრობლემები პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მტკივნეული საკითხია და მზად ვართ, ამ მიმართულებით, თბილისელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. სოციალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საკითხი დგას. სამწუხაროდ, მრავლად გვყავს ოჯახი, რომლებმაც სახლკარი სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგა. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა, ერთიანი ხედვით, ჩამოვაყალიბეთ უსახლკარობის პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტის გზები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სამოქმედო გეგმას. ამას გარდა, ჩვენი მიზანია, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, 4 წლისთავზე თბილისში აღარ იყოს არცერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და დაკმაყოფილდეს ყველა უსახლკარო თუ დაზარალებული ოჯახი. მზრუნველი ქალაქის კონცეფცია თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ერთი მხრივ, მოქალაქეთა საჭიროებების, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ამის დასტურია უკვე განხორციელებული მხარდაჭერის ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორულ პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა და სამომავლო გეგმებში კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული სუბიექტების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი საშეღავათო პროგრამებით”, – აცხადებს კახა კალაძე.

პლატფორმა “მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ “გეგმავს ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას”.

“ქალაქი და საბინადრო პირობები უნდა მოერგოს ადამიანს და მის კეთილდღეობას. გამგეობების აქტიურობა და დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მათთვის საბინადრო პირობების გაუმჯობესების საუკეთესო გზაა. ვგეგმავთ დეველოპერებისთვის გარკვეული პირობების შეთავაზებას და ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომლის მიზანია, ადამიანი გახდეს მთავარი ფასეულობა. ჩვენი მიზანია, დავიცვათ წინასწარ შეთანხმებული პირობები ქალაქის განვითარებისა და ადამიანის უსაფრთხოებისთვის ისე, რომ ინვესტორთა ინტერესები არ დაზარალდეს”, – აცხადებს კეკენაძე.

ნიკა მელიას თანახმად, “ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება – უპირველესი ამოცანაა ქალაქის განვითარებისთვის”.

www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

პროექტის მიზანია, მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე გათვლილი და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს.

ამავე თემაზე გირჩევთ:

კანდიდატების უმრავლესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც არ გამოუქვეყნებიათ პროგრამები

მასალების გადაბეჭდვის წესი