ახალი ამბები

სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის მიღმაა მთავარი ამოცანა – ბოკერია

28 სექტემბერი, 2021 • 1647
სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის მიღმაა მთავარი ამოცანა – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა-არჩასვლის საკითხი არ ცვლის ოპოზიციური პარტიების მთავარ ამოცანას.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით“, – განუცხადა გიგა ბოკერიამ 28 სექტემბერს ჟურნალისტებს.

„ჩვენ, ყველანი, – ისინიც, ვინც არიან ან არ არიან აქტიური მომხრე სააკაშვილის, ან ოპონენტია, ან აგრესიული ოპონენტია მისი, – ყველას გვაერთიანებს საერთო ეროვნული ინტერესი, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

მისი თქმით, ამ ინტერესს „საფრთხეს უქმნის ივანიშვილის რეჟიმი“.

„ჩვენი მორალური ვალია და სამართლებრივი და პოლიტიკური შესაძლებლობაა, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ ამოცანას“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

„ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცე ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და, რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატვა და თქვენთან ერთად მივიღო საქართველოს გადარჩენაში მონაწილეობა“, – განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავს უკრაინას აფარებს, წარსულშიც არაერთგზის უსაუბრია ქვეყანაში დაბრუნებაზე, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია ჩასვლის გადაწყვეტილება.

ექსპრეზიდენტს საქართველოში პატიმრობა ემუქრება, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი