ახალი ამბები

“ხომ არ არის ეს ამომრჩეველზე ზემოქმედება?” – სოც. დაუცვლეთა რიცხვი 67 ათასით გაიზარდა

28 სექტემბერი, 2021 • 736
“ხომ არ არის ეს ამომრჩეველზე ზემოქმედება?” – სოც. დაუცვლეთა რიცხვი 67 ათასით გაიზარდა

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ბოლო ორ თვეში ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რაც უჩენს ეჭვს, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ხელისუფლება იყენებს საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით.

ბიბილაშვილმა ეს განცხადება დღეს გააკეთა პარტია “ლელოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

“მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ჩვენს პარტნიორებს უარს ეუბნება 300 მილიონზე, ვხედავთ ციფრებს, რომ ბოლო ორ თვეში სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა რეკორდულად – 67 ათასით.

რა თქმა უნდა, ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მაგრამ თუ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს, რატომ გაიზარდა ბოლო ორ თვეში ქვეყანაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა? ხომ არ არის ეს ამომრჩეველზე ზემოქმედება? ხომ არ არის მანიპულაცია იმ გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობით, რომლებიც სახელმწიფოსგან ითხოვენ დღეში 2 ლარს და ამის სანაცვლოდ სახელმწიფო მათ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხომ არ აიძულებს.

ჩვენ ამ კითხვებს გადავცემთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან ძალიან საეჭვოა”, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სოციალურ შემწეობას 2021 წლის ივნისში 555 657 ადამიანი იღებდა, ივლისის თვეში 622 266-მა ადამაინმა მიიღო შემწეობა, ხოლო აგვისტოში – 622 923-მა მოქალაქემ.

აგვისტოში ივნისის თვესთან შედარებით 67 266-ით მეტმა ადამიანმა მიიღო შემწეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი