ახალი ამბები

როგორ იყენებს „ოცნება“ საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს — კვლევა

28 სექტემბერი, 2021 • 734
როგორ იყენებს „ოცნება“ საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს — კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და ათასობით შემოწირულების შესახებ.

შუალედური ანგარიში ეხება საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. ანგარიში 1 ივნისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. სრული ანგარიში არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში მოხვდა ისეთი შემთხვევებიც, როგორიცაა უშუალოდ ფიზიკური ძალადობა, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და დევნა, ასევე, სავარაუდო შევიწროების შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება და სხვა.

კერძოდ, ორგანიზაცია წერს:

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • 2021 წლის ივნისიდან რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან/და მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ. აგვისტო-სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 17 პირის შემთხვევაში გამოკვეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გარკვეული ნიშნები;
  • სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების მხრიდან მათ საარჩევნო სიებში მყოფი პირების და მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი, მათი აზრით, მმართველი პარტიისთვის კონკურენტების ჩამოშორება იყო. ორგანიზაცია წერს, რომ ასეთი ცნობების სიმრავლით პარტია „საქართველოსთვის“ გამოირჩეოდა, რომლის წარმომადგენლების განცხადებით, ასპინძაში, ახალქალაქში, ახმეტაში, ახალციხეში, მარნეულში, ყაზბეგში, ხელვაჩაურში, თეთრიწყაროში, წალენჯიხაში, ტყიბულში, ნინოწმინდაში, ადიგენში, კასპში, წყალტუბოში 22 ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მსგავს შემთხვევებზე საუბრობდნენ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებიც. თუმცა, მათი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს შიშის გამო საუბარი და ასეთი ფაქტების დადასტურება არ სურთ, შესაბამისად, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. მხოლოდ აჭარაში პარტიის „საქართველოსთვის” ორმა კანდიდატმა და სამტრედიაში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთმა კანდიდატმა ისაუბრა საჯაროდ განხორციელებულ ზეწოლაზე, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პირებმა გამოკითხვის დროს უარყვეს ზეწოლის ფაქტი;
  • სექტემბრის მეორე ნახევარში დმანისსა და რუსთავში 2 ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. პოლიციამ დმანისის შემთხვევაში მოძალადე მალევე დააკავა, რუსთავში მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს;
  • აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს, სავარაუდოდ, დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა, ჯამში, 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის” ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები;
  • არჩევნებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ სავარაუდო ფაქტებზე მიღებული ზომების, მათ შორის დაწყებული გამოძიებების შესახებ სრული ინფორმაცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც გენერალურ პროკურატურას არ გაუვრცელებია. არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცალკეული ინფორმაციის მიღების საშუალება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი” კომისიის სხდომებზე ჰქონდათ;
  • ივნისსა და ივლისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი ახალი წევრის შერჩევის ყველა ეტაპი ისე წარიმართა, რომ მმართველმა პარტიამ უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით თანამდებობებზე მისთვის სასურველი ისეთი კანდიდატურები დაამტკიცა, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

როგორც TI წერს, წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები აქტიურად ესწრებოდნენ „ოცნების“ პროგრამულ შეხვედრებს.

ეს შემთხვევები კი, თავის მხრივ, საყურადღებოა იმიტომ, რომ თანამშრომლები ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული არიან. შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ისინი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ამით შესაძლოა ირღვეოდეს საარჩევნო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც „კრძალავს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას”. საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი კონცენტრაცია კანონის პირდაპირი დარღვევაც რომ არ იყოს, მინიმუმ ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას, რაც მიუღებელია“ ,– წერს ორგანიზაცია.

გამოვლინდა სამსახურებრივი ნიშნით ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებთან სააგიტაციო შეხვედრების ორგანიზების სავარაუდო შემთხვევები, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კანონდარღვევას წარმოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 5 ასეთ შემთხვევაზე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრითაც მიმართა, თუმცა არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული არც სახელმწიფო და არც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ასევე, იმავე პერიოდში აკრძალულია სოციალური გასაცემების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა.  საანგარიშო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 10 სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩია, რომელიც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაცია ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იძიებდნენ სავარაუდო ძალადობის, ზეწოლისა თუ სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმეებს.

ამასთანავე, შსს ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებს. ხოლო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას.

ვრცლად ეს ანგარიში წაიკითხეთ აქ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი