ახალი ამბები

ხინჩეგაშვილს პროგრამის წარდგენაზე სიტყვები ეშლებოდა, მის გვერდზე ვიდეო აღარ იძებნება

28 სექტემბერი, 2021 • 7500
ხინჩეგაშვილს პროგრამის წარდგენაზე სიტყვები ეშლებოდა, მის გვერდზე ვიდეო აღარ იძებნება

გორის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილს საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ხშირად ეშლებოდა სიტყვები და რამდენჯერმე მოუწია წინადადების შეწყვეტა.

პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო, პირდაპირი ეთერის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება.

მრავალგზის ოქროსმედალოსანი, 30 წლის ვლადიმერი (ლადო) ხინჩეგაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ 30 ივლისს წარადგინა გორის მერობის კანდიდატად. მისი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ორშაბათს, 27 სექტემბერს გაიმართა.

ხინჩეგაშვილის პროგრამის წარდგენა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

ამ დროის განმავლობაში წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა, თუმცა არაერთხელ მოუწია სიტყვის შეწყვეტა და ხელახლა დაწყება.

ხინჩეგაშვილმა პრეზენტაციაზევე თქვა, რომ ნერვიულობდა და რამდენჯერმე მოუხადა საზოგადოებას ბოდიში, ბოლოს კი განაცხადა: „ანგარიშს რომ ჩაგაბარებთ, ბევრად უკეთ გამომივა“.

მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც თან ერთვის ღონისძიების ფოტოები, კანდიდატი წერდა:

„გულწრფელად რომ გითხრათ, ვინაიდან პირველი საჯარო პრეზენტაცია იყო, ცოტა ვღელავდი, საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ამ გამოწვევებს ცხადია არ ვუშინდები და ნამდვილად ვიცი, რომ შემდგომში უკეთესი იქნება“.

თუმცა მოგვიანებით პოსტი დარედაქტირდა და ეს ნაწილი ამ დროისთვის ამოღებულია.

კანდიდატის პროგრამის წარდგენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ხინჩეგაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა ეთერის დასრულების შემდეგ, ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კანდიდატის პრესცენტრს კითხვით, რის გამო წაიშალა ვიდეო ფეისბუკიდან.

პასუხად მივიღეთ, რომ პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გავიდა და „ლაივი არავის წაუშლია“.

ჩვეულებრივ, პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, ფეისბუკი გვერდის ადმინისტრატორს ეკითხება, სურს თუ არა პირდაპირ ეთერში გასული ვიდეოს შენახვა.

„ქართული ოცნების“ სხვა კანდიდატების პროგრამებიც გადაიცემა პირდაპირი ეთერით, თუმცა მოგვიანებით კვლავ ხელმისაწვდომია ხოლმე ფეისბუკის მომხმარებლისთვის.

დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ხინჩეგაშვილის პრესცენტრში ამბობენ, რომ „ლაივი იყო, ხალხმა უყურა და ინფორმაცია მიიღო“.

ხინჩეგაშვილის პრეზენტაცია სრულად გამოაქვეყნა ადგილობრივმა გამოცემამ, Qartli.ge-იმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი