ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ “გირჩმა” პარტიულ სიაში უნებართვოდ შეიყვანა

27 სექტემბერი, 2021 • 1320
მოქალაქე ამბობს, რომ “გირჩმა” პარტიულ სიაში უნებართვოდ შეიყვანა

მოქალაქე, კოკა კაპანაძე ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” ის ქარელის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სიაში, მეოთხე ნომრად, მისი ნებართვის გარეშე შეიყვანა. ამის შესახებ კოკა კაპანაძემ ინფორმაცია ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.

როგორც კაპანაძე ფეისბუქ პოსტში აღნიშნავს, ის არც “გირჩის” წევრია და არც საკრებულოს წევრობა სურს, თუმცა დღეს, 27 სექტემბერს აღმოაჩინა, რომ “გირჩმა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ის საკრებულოს წევრობის კანდიდატად დაარეგისტრირა.

“სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე დღეს რომ იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია გირჩმა ჩემი ნებართვის გარეშე ჩამწერა მეოთხე ნომრად თავის პარტიულ სიაში ქარელის მუნიციპალიტეტში. არანაირი შეხება არც გირჩთან და არც ქარელთან არასდროს არ მქონია. ნამყოფიც არ ვარ ქარელში. რა პრინციპით და როგორ მოხდა ჩემი პირადი მონაცემების ამოღება და ჩემი თანხმობის გარეშე სიაში ჩემი ჩასმა გაუგებარია”, – წერს კოკა კაპანაძე ფეისბუქზე.

ნეტგაზეთი “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა ინფორმაციის დასაზუსტებლად. მან გვითხრა, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია და განმარტა, თუ როგორ მოხვდა კოკა კაპანაძე პარტიულ სიაში:

“ყველა პოლიტიკური პარტია სიას ადგენს ფორმალურად. ვინაიდან ჩვენ ვერ ვადგენდით 1 500-კაციან სიას, მხარდამჭერებს ვთხოვეთ, რომ გამოეგზავნათ თავიანთი ნაცნობების და მეგობრების პასპორტები, რომ სიაში ჩაგვეწერა. თითო ასეთ პასპორტში ვიხდიდით 5 ლარს. ეს ყველაფერი საჯაროდ გავაკეთეთ. ამ ადამიანს შეუძლია უბრალოდ მივიდეს და ამოეწეროს სიიდან.

მთავარი პრობლემა ის კი არ არის მე ვინ ჩავწერე სიაში, რადგან ტექნიკურია ეს სია და არანაირი შინაარსი არ გააჩნია, არამედ ის, რომ 1 კაცის გაყვანის შანსი რომ გაქვს, სავალდებულოა 35-კაციანი სია წარადგინო. ამ ერთის იქით ყველა ნომერი თავისი შინაარსით არის ფორმალური. ჩვენ ასეთი პასპორტები 5 ლარად ვიყიდეთ. ამით არავის ადგება ზიანი, ხელი არ ეშლება და ასე ფუნქციონირებს ქართული პოლიტიკა ბოლო 30 წელია”, – განმარტა ხვიჩიამ “ნეტგაზეთთან”.

პარტიულ სიაში 5 ლარის სანაცვლოდ ჩაწერა “გირჩმა” ერთი თვის წინ, 25 აგვისტოს დააანონსა. მაშინ პარტიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც “გირჩის” წარმომადგენელი, ჰერმან საბო მოუწოდებდა მხარდამჭერებს, რომ გაეგზავნათ ახლობლების პირადობის მოწმობები და ამაში სიმბოლურად 5 ლარს იხდიდნენ.

“იმისთვის, რომ ყველა ბიულეტენში “გირჩი” 36 ნომრით იყოს წარმოდგენილი ცესკო გვთხოვს, რომ რაც კი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებია, ყველა საკრებულოში რამდენი ადამიანიც ეტევა იმხელა სია წარვუდგინოთ, რაც ძალიან დიდი საქმეა და ჩვენნაირი პატარა პარტიისთვის ამ სიის რეალური ადამიანებით შევსება წარმოუდგენელია. ამისთვის გთავაზობთ შემდეგ საქმეს:

თუ თქვენს პირადობას ორივე მხრიდან გადაუღებთ ფოტოს, ფეისბუქზე ნახავთ ფეიჯს “გირჩი” და ჩააგდებთ პირად მიმოწერაში ამ ორ ფოტოს და მიაყოლებთ თქვენსავე ანგარიშის ნომერს, მას შემდეგ რაც ცესკო დაგვიდასტურებს, რომ სხვა პარტიის სიაში არ ხართ, გირჩი პირველ 360 ადამიანს გადაუხდის სიმბოლურად 5 ლარს.

ამ გზით გვინდა ვაჩვენოთ რამდენად სისულელეა, როცა პარტიებს, რომლებსაც 1-2 ადამიანის გაყვანის იმედი და შანსი აქვთ, ცესკო აიძულებს, რომ 20-30 ადამიანისგან შემდგარი სიები წარადგინოს იმისთვის, რომ უბრალოდ ბიულეტენში იყოს”, – განმარტა ჰერმან საბომ.

“ნეტგაზეთი” კოკა კაპანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სიიდან ამოღებისთვის სამართლებრივი ვადები უკვე გასულია და კოკა კაპანაძეს სიიდან ვერ ამოშლიან.

იმ შემთხვევაში თუ “გირჩი” თვითმმართველობის არჩევნებზე ქარელის საკრებულოში 4 ან მეტ ადამიანს შეიყვანს, კოკა კაპანაძეს სანამრთლებრივად აქვს უფლება, შემდეგ განაცხადოს უარი საკრებულოს წევრობაზე.

თუმცა თავად კაპანაძე ამბობს, რომ ის მთავარ პრობლემად არა საკრებულოში შესვლა-არშესვლას მიიჩნევს, არამედ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მისი პირადი მონაცემები გამოიყენა მასთან შეთანხმების გარეშე:

“საქმე იმაში არ არის არჩევნების შემდეგ რა მოხდება. აქ პრობლემატურია ის, რომ ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენეს ჩემი პირადი მონაცემები. როგორც არ უნდა იყოს, ეს 5-ლარიანი კამპანიის შედეგად ვიღაც სხვამ მისცა თუ არა ჩემი პირადობა თუ რა მოხდა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად გირჩის პასუხი, რომ ისინი ამას ვერ გააკონტროლებენ, ძალიან არარელევანტურია, რადგან მთავარი პასუხისმგებლობა მაინც “გირჩზე” ტყდება, რომელმაც ეს მონაცემი მიიღო, გამოიყენა და არც კი გადაუმოწმებია, რეალურად იმ ადამიანის მიერ არის თუ არა გამოგზავნილი ეს მონაცემი.

როგორც გავიგე ამ პროცედურისთვის ხელმოწერაც არის საჭირო, ეს თუ სიმართლეა და ხელმოწერაც იყო საჭირო, გამოდის, რომ ჩემი ხელმოწერაც გაყალბდა, გარდა იმისა, რომ ჩემი პირადი მონაცემი არაკანონიერად, ჩემი თანხმობის გარეშე მოიპოვეს”, – განმარტა კაპანაძემ “ნეტგაზეთთან”.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაადასტურეს, რომ სიების წარდგენისას ხელმოწერილი დოკუმენტებია საჭირო, თუმცა აქვე განმარტეს, რომ მათ კომპეტენციაში ხელმოწერების ნადვილობის გადამოწმება არ შედის.

კაპანაძის განცხადებით, ის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მიმართავს და სამართლებრივად გააგრძელებს დავას, რათა პირადი მონაცემების უნებართვოდ გამოყენება სხვა დროს შესაძლებელი აღარ იყოს:

“არ აქვს ამას მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტია იზამს ამას თუ მმართველი პარტია, ეს დანაშაულია და ამაზე ვინმემ უნდა აგოს პასუხი. მე მინდა რომ, კანონის ფარგლებში შეიქმნას პრეცედენტი, რომ შემდეგში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ამის გამეორების შანსიც კი არ ჰქონდეს იმიტომ, რომ აქ საფრთხე გვაქვს ძალიან საფრთხილო საკითხთან, რაც ადამიანის პირადი მონაცემების გამოყენება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას”, – განმარტა მან.

კოკა კაპანაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების შესახებ “ნეტგაზეთი” იაგო ხვიჩიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ ამბებში ჩართული არ იყო და არ იცის საჭიროა თუ არა კანდიდატის ხელმოწერა სიის წარდგენისას, თუმცა ამ შემთხვევაში ხელმოწერის გაყალბებაში პრობლემას ვერ ხედავს.

“ჩვენ ღიადაც გაგვიყალბებია ხელმოწერები, მაგალითად 15 ათასი ხელმოწერა საჯაროდ გავაყალბეთ. როცა რაღაც სისულელეა და ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია ჩვენ უკან არ ვიხევთ და არა მხოლოდ ჩვენ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმოწერები სხვადასხვა დროს სხვის მიერ იქნება შესრულებული. ეს [ხელმოწერების გაყალბება], რომ არის საჭირო ამაში ვხედავ პრობლემას.

კონკრეტულად ამ ადამიანს და ვინმეს თუ რამე პრობლემა შეექმნა შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ცხადია, მაგრამ ზიანი ფიზიკურად არ მიდგომია. ასეთი ადამიანი არის 1000-ზე მეტი. რომ გამოაცხადოთ ვინ არის ასეთიო, ყველა პარტიიდან გამოგეხმაურებიან”, – განაცხადა ხვიჩიამ “ნეტგაზეთთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი