ახალი ამბები

USAID აცხადებს, რომ ცესკოს “ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამჟამად მათი მხარდაჭერის გარეშე ოპერირებს

24 სექტემბერი, 2021 • 1517
USAID აცხადებს, რომ ცესკოს “ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამჟამად მათი მხარდაჭერის გარეშე ოპერირებს

USAID აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციის დაცულობის ცენტრს მხარდაჭერას აღარ უწევს და მის საქმიანობაზე მხოლოდ ცესკოა პასუხისმგებელი. ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“USAID თითქმის 30 წელია საქართველოში ხელს უწყობს თავისუფალ, სამართლიან და გამჭირვალე არჩევნებს.

2020 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დავეხმარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციის დაცულობის ცენტრის დაარსებაში. ცენტრის დაარსების მთავარი ამოცანა იყო ცესკოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება.

თუმცა მოგვიანებით შევწყვიტეთ ეს მხარდაჭერა და ცენტრი ამჟამად ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე ოპერირებს. ცენტრის ფუნქციონირებაზე მთლიანად პასუხისმგებელია საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მივესალმებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრის მუშაობაში ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ მიერ ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს”, – ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან“ არსებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა” გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიში, სადაც ქართული მედიის დიდი ნაწილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და ა.შ. გავრცელებაში იყო დადანაშაულებული.

„ცესკო” მათ შორის ნეტგაზეთსაც გვედავებოდა დეზინფორმაციის გავრცელებაში. „ნეტგაზეთის” შემთხვევაში მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო თითქოსდა დეზინფორმაციის გავრცელების  სამი შემთხვევა, თუმცა მონიტორინგის ცენტრმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მასალები.

22 სექტემბერს „პუბლიკის”, On.ge-ს და „ნეტგაზეთის” წარმომადგენლები „ცესკოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელს და მედიამონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრაზე  ცესკოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო შეცდომა და მოგვიანებით შეგვატყობინებდნენ, როგორ გამოასწორებდნენ შეცდომას.

23 სექტემბერს  ცესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ნეტგაზეთთან მიმართებაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა”, ხოლო “რაც შეეხება გამოცემებს „პუბლიკა“ და „ონ.ჯი“, მათთან მიმართებაში […] წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა”. მოგვიანებით ცესკომ ინფორმაცია, რომ ნეტგაზეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში იყო შემჩნეული, ვებგვერდიდან აიღო.

ამ საკითხზე ნეტგაზეთის, On.ge-ს და “პუბლიკის’ რედაქციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

ცესკოს ცნობით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2021 წლის 16 აგვისტოდან მუშაობს. ცენტრმა საქმიანობა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით დაიწყო. მათი მხარდაჭერით ჩამოყალიბდა მონიტორინგის ჯგუფი, შერჩეულმა მონიტორებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი მედია სტანდარტების და ცრუ ინფორმაციის გამოვლენის შესახებ. ჩაუტარდათ ტესტირება და გაიარეს საგამოცდო პერიოდი.  რის შემდეგაც მონიტორინგის პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციამ დამოუკიდებლად გააგრძელა. პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მოქმედებს. ცესკოს ცნობით, დღეისათვის ხორციელდება სატელევიზიო, ონლაინ მედიის და სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მონიტორინგი. მზადდება სტატისტიკური და მიმოხილვითი ანგარიშები, რომელიც 10-14 დღიან პერიოდს მოიცავს.

“პუბლიკის”, On.ge-ს და ნეტგაზეთის ერთობლივი განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი