ახალი ამბები

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

24 სექტემბერი, 2021 • 1048
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

23 სექტემბერიდან, სპეციალურად სტუდენტებისთვის, ლიტერატურული კონკურსი დაიწყო „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში. კონკურსის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ყველა მოქმედ სტუდენტს.

შერჩეული სტუდენტები პირველ ეტაპზე ლექციების სერიას მოისმენენ მხატვრული წერისა და წიგნის გამოცემის საკითხებზე.

„აგვისტოში თბილისის უმაღლესის სასწავლებლების ლიტერატურითა და კინოთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის წარმატებული პროექტი ჩავატარეთ. ამჯერად კი მთელ საქართველოს მოვიცავთ და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სტუდენტს მივცემთ ლიტერატურისა და წიგნის სამყაროსთან დაახლოების საშუალებას. ამ პროექტით ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ წერის სურვილს გავუღვივებთ, არამედ საგამომცემლო პროფესიებითაც დავაინტერესებთ“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში?

კონკურსში მონაწილეობისთვის ბაკალავრის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა მისამართზე: info@tbilisiwbc.ge. მოთხრობა უნდა იყოს 12 ზომის შრიფტით აკრეფილი არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი გვერდისა. განაცხადების მიღება დასრულდება 6 ოქტომბერს.  ნაწარმოებებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს.

რა ხდება გამარჯვების შემთხვევაში?

15 გამარჯვებული სტუდენტის ვინაობა 22 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ისინი ხუთ ტუტორთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრებიან, სადაც ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ლექციებს მოისმენენ.

კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ორი კვირის განმავლობაში ახალი მოთხრობაც უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L“-ი გამოსცემს:

„ჩვენს ერთ-ერთ მისიად გვესახება ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტორებისთვის  ახალი შესაძლებლობების შექმნა და ეს კონკურსიც ასეთად მიგვაჩნია. თბილისს ერთი წლის განმავლობაში აქვს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. გვიხარია, რომ ჩვენი გამომცემლობაც შეიტანს წვლილს ამ საქმეში და გამოსცემს კონკურსის შედეგად შერჩეული ავტორების ტექსტებს,“ – ამბობს „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური.

სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს 19 ნოემბერს გადაეცემა ფულადი ჯილდო:

I ადგილი – 1000 ლარი

II ადგილი – 800 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „საქართველოს ბანკის“ სტუდენტური ბარათის წარმომადგენლები საკუთარ რჩეულებსაც დაასახელებენ.

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

მასალების გადაბეჭდვის წესი