ახალი ამბები

“სტერეო +” დავალიანების გამო ტელეარხებს მოსალოდნელ გათიშვაზე აფრთხილებს

24 სექტემბერი, 2021 • 778
“სტერეო +” დავალიანების გამო ტელეარხებს მოსალოდნელ გათიშვაზე აფრთხილებს

მულტიპლექს ოპერატორი “სტერეო +”, რომელიც უზრუნველყოფს ტელევიზიების სიგნალის გავრცელებას განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბოლო წლებში ზოგიერთი მაუწყებელი მომსახურების საფასურს არ იხდის და საკმაოდ სოლიდური, მრავალთვიანი დავალიანება აქვს.

“სტერეო +”-ის თქმით, ბოლო წელია მათ არაერთი წერილობითი, ზეპირი და ელექტრონული გაფრთხილების მიუხედავად მაუწყებლებს დავალიანების აღმოსაფხვრელად არაფერი გაუკეთებიათ და თუ გონივრულ ვადაში არ დაფარავენ ვალს, კომპანია მათ მომსახურებას შეუწყვეტს:

“ბოლო წელია, ჩვენი არაერთი წერილობითი, ზეპირი და ელექტრონული გაფრთხილების მიუხედავად, რაიმე სახის ქმედებაც კი არ განახორციელეს, დავალიანების აღმოსაფხვრელად. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა კომპანიების ხარჯების განხილვას, მაგრამ ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ თვიური მომსახურების ღირებულება საჯაროა და დღეს, ეს ნაწილი შეადგენს საინფორმაციო არხთა დანახარჯების ისტორიულ მინიმუმს. იძულებული ვართ, გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:

“სტერეო +”-თან, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულ იგნორირებას რაიმე პოზიტივის მოტანის პერსპექტივა არ გააჩნია. თუ გონივრულ ვადაში, ეს არხები სრულად არ დაფარავენ დავალიანებას, სტერეო+ შეწყვეტს მათთან მომსახურების ხელშეკრულებას” – აცხადებენ კომპანიაში.

“სტერეო +”-ის განცხადებით, ისინი შეგნებულად არ ასახელებს იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც მათი ვალი დაუგროვდათ:

“აღნიშნულ განცხადებაში არხების დაუკონკრეტებლობა განპირობებულია საკითხის პოლიტიზებისგან თავის არიდების ჩვენი სურვილით და დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, არ მოხდება მათი გასაჯაროება” – აცხადებენ “სტერეო+”-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი