ახალი ამბები

თურქეთი მზადაა მედიკამენტები დაბალ ფასში მოგვაწოდოს – ჯანდაცვის სამინისტრო

23 სექტემბერი, 2021 • 1831
თურქეთი მზადაა მედიკამენტები დაბალ ფასში მოგვაწოდოს – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქული მხარე საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოხატავს.

„კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალ ფასში მოწოდებას“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში, რომელიც მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თურქეთში ვიზიტს ეხება.

სამუშაო ვიზიტის მიზანი, სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ მემორანდუმის დადებისას აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდენება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“.

23 სექტემბერს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით კი, „მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“.

„საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს“, – წერია პრესრელიზში.

ამ საკითხზე გირჩევთ, გაეცნოთ:

წამლებზე 300%-იანი მოგების განცდას თურქეთთან მემორანდუმით დავაზღვევთ – ტიკარაძე

რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი