ახალი ამბებისამართალი

GDI პროკურატურისგან სანაიას საქმეზე განაჩენის გასაჩივრებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2021 • 1906
GDI პროკურატურისგან სანაიას საქმეზე განაჩენის გასაჩივრებას ითხოვს

“საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” [GDI] პროკურატურას მიმართა და ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სასამართლო განაჩენის გასაჩივრება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

GDI მიიჩნევს, რომ ვახო სანაიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, 3 თავდამსხმელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია:

“სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს”, – განმარტებულია GDI-ის განცხადებაში.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანაიაზე თავდამსხმელები მალევე დააკავეს და ისინი 25 აგვისტომდე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ. სწორედ 25 აგვისტოს გამოიტანა სასამართლომ ბრალდებულთა გამამტყუნებელი განაჩენი და მათ ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდი მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ და ისინი იმავე დღეს გაათავისუფლეს.

თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი