ახალი ამბები

ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

23 სექტემბერი, 2021 • 1530
ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

“ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას”, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც დღეს, 23 სექტემბერს გაავრცელეს.

ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში 22 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას.

„თავმდაბლურად ვამაყობ ქართველი ხალხის სახელით აქ ყოფნით და ამ ისტორიული აკადემიური პარტნიორობის დაწყებით. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას ვნერგავთ.

მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენის ხორცშესხმაში მონაწილეობდნენ[…] გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც,” — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი