ახალი ამბები

აშშ გმობს ძალადობრივ თავდასხმებს დმანისსა და რუსთავში

22 სექტემბერი, 2021 • 895
აშშ გმობს ძალადობრივ თავდასხმებს დმანისსა და რუსთავში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში, — ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

“ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს”, — ნათქვამია საელჩოს განცადებაში.

შეერთებული შტატების საელჩო, ასევე, აღნიშნავს, რომ ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე.

გუშინ, 21 სექტემბერს, დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს. შსს-მ მომხდარზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.

ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი