მიგრანტებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში ხშირად ექცევიან დისკრიმინაციულად, მიმართავენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ისინი ასევე საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან უსამართლო მოპყრობაზეც.
ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა” [TDI] ჩაატარა და ის ეხება საპოლიციო სისტემაში ეთნიკური უმცირესობების და მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკის და პრაქტიკის შესწავლას ეხება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის მიზანი ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების, სამართალდამცავი უწყებებისა და ადვოკატების გამოცდილების საფუძველზე საქართველოში რასობრივი გამორჩევის პრაქტიკის შესწავლაა. ამისთვის კვლევის ავტორებმა შეარჩიეს შემდეგი რესპონდენტები: საქართველოში მცხოვრები მიგრანტები აფრიკის ქვეყნებიდან (ნიგერია, სომალი), საქართველოში მცხოვრები მიგრანტები აზიის ქვეყნებიდან (ირანი, ბანგლადეში, ინდოეთი), ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეები, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოქალაქეები, პოლიციელები და გამომძიებლები თბილისიდან და რეგიონებიდან, ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურიდან და დამოუკიდებელი ადვოკატები.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას, კვლევის ავტორების განმარტებით, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 21 სიღრმისეული ინტერვიუ და 7 ფოკუსჯგუფი.
კვლევის თანახმად, სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს საქართველოში სხვადასხვა სტერეოტიპულ ტერმინოლოგიით მოიხსენიებენ. მაგალითად აფრიკიდან ჩამოსულ მიგრანტებს ხშირად მიმართავენ შემდეგი დისკრიმინაციული ტერმინებით: “შავი”, “ბინძური”, “ზანგი”. აზიიდან ჩამოსულ მიგრანტებს: “ტერორისტი”, “უსუფთაო”, “მოძალადე”.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს კი შემდეგი დისკრიმინაციული ტერმინებით მოიხსენიებენ: ეთნიკურად სომხებს საქართველოში ხშირად ეძახიან “მატყუარებს”, “ქურდებს”, “ძუნწებს”, “მოღალატეებს”. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კი “გაუნათლებლებს”, “დამნაშავეებს”, “ჩამორჩენილებს” და “არაჰუმანურებს”.
კვლევის თანახმად, აღნიშნული სტერეოტიპები ხშირად გავლენას ახდენს სამართალდამცავების ქცევაზეც, რაც ზემოთ ხსენებული ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. კვლევის თანახმად ეს ყველაფერი ამ ადამიანების დისკრიმინაციას იწვევს და ხელს უშლის საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას.
ამასთან, კვლევის რესპონდენტები ამბობენ, რომ ქალების რასობრივ გამორჩევას ხშირად მათი ჩაცმულობა თუ სხვა გარეგნული მახასიათებელი განაპირობებს.
“გამოკითხულ რესპონდენტ ქალთა ნაწილი იხსენებს შემთხვევებს, რომლის დროსაც ისინი დისკრიმინაციული გამორჩევის მსხვერპლნი გახდნენ. რესპონდენტი ქალების თქმით, როგორც კი მათი ჩაცმულობა თუ გარეგნული მახასიათებელი ცხადყოფს მათ ეროვნულ კუთვნილებას, – „არაპრივილეგირებულ, არაევროპულ თუ არაამერიკულს“, დაუყოვნებლივ იცვლება მათდამი დამოკიდებულება, რაც ძირითადად გამოიხატება „უხეშ საუბარში“.
გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული გამორჩევის თემაზე განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ რესპონდენტები ირანიდან და ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტები ქვემო ქართლიდან”, – ნათქვამია კვლევაში.
გარდა ამისა, კვლევის რესპონდენტები საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების მიმართ, მაგალითად, როდესაც კოვიდპანდემიის შეზღუდვების ფონზე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის აღდგომის დღესასწაულისას შეზღუდვები მოხსნა სახელმწიფომ, სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის კი არა.
თუმცა კვლევის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ისევე ექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავად რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ პროტესტის გრძნობა, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან.
კვლევაში მონაწილე მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობების მნიშვნელოვანი ნაწილი კი აცხადებს, რომ საპოლიციო უწყებების მხრიდან საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რასობრივი გამორჩევის შემთხვევა. საქართველოში მცხოვრები უცხოელი რესპონდენტები ამბობენ, რომ ეთნიკურად ქართველთან კონფლიქტის შემთხვევაში, ქართველი საპოლიციო სისტემის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.
აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმებიან კვლევაში მონაწილე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ სისტემაში რასობრივი გამორჩევის შემთხვევები არ ფიქსირდება.
მიგრანტი რესპონდენტების უმრავლესობა კი აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიციასთან ურთიერთობას თავს არიდებს, რადგან არ ენდობა მათ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ამის გამო, ისინი პოლიციას იმ შემთხვევაშიც არ მიმართავენ, როდესაც ძალადობის ან სხვა დანაშაულის მსხვერპლები ხდებიან.
კვლევის თანახმად, რესპონდენტი მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფენ, მათ შორის არის პოლიციის მიერ ქუჩაში მათი საფუძვლის გარეშე გაჩერება და ჩხრეკა, გამოუძიებელი საქმეები, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ყველაზე ხშირი ღონისძიება, გულგრილობა და ინფორმაციის არასრული მიწოდება და დაკავება და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.
რესპონდენტების ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვნად ამცირებს რასობრივი გამორჩევისას ნეგატიურ გამოცდილებას. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელთა დამოკიდებულება იცვლება მას შემდეგ, რაც უმცირესობის წარმომადგენელი ქართულად იწყებს საუბარს.
“როდესაც გარეგნობით და ჩაცმულობით ხვდებიან, რომ ქართველი არაა, იწყებენ უხეშად საუბარს, როდესაც ხედავენ, რომ ქართულად საუბრობს, იცვლება დამოკიდებულება. მოსახლეობა დისკრიმინაციაზე მეტად ამითაა გაღიზიანებული”, – ამბობს კვლევის ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტი.
მიგრანტი რესპონდენტების ნაწილი კი ამბობს, რომ ენის არცოდნის გამო სამართალდამცავ სტრუქტურებთან “კომუნიკაციის სერიოზული პრობლემები” აქვთ, რაც “მნიშვნელოვან გაუგებრობას ქმნის”. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიცია აყალბებს მათ ჩვენებებს და უქმნის ისეთ მდგომარეობას, რომ მათ უარის თქმა უწევთ ჩივილზე.
“მე ვთქვი, რომ გაუგებარი იყო დოკუმენტის შინაარსი, მოვითხოვე თარჯიმანი, მჭირდებოდა, რადგან მაიძულებდნენ ხელის მოწერას დოკუმენტზე და ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო. მე ვუთხარი, რომ მოეყვანათ თარჯიმანი, ან მოეცათ დოკუმენტი და მე თვითონ ვათარგმნინებდი, სანამ ხელს მოვაწერდი. ბოლოს მომიყვანეს თარჯიმანი და აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში ეწერა, თითქოს ჩემი საფულე არავის მოუპარავს. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არამედ მეორედ დამემართა მსგავსი რამ. ამიტომ ვთქვი, დავივიწყებ ამ დოკუმენტს და მივდივარ.
თუმცა ორმა პოლიციელმა გზა გადამიღობა და მითხრეს, რომ დამაკავებდნენ, თუ ხელს არ მოვაწერდი. ასე რომ, საბოლოოდ, იძულებული გავხდი დოკუმენტზე ხელი მომეწერა. სამწუხაროდ, არჩევანი არ მქონდა. ამიტომ ახლა, როდესაც რაიმე შემემთხვევა, აღარ წავალ პოლიციაში, ვიცი, ისინი მაინც არ დამეხმარებიან”, – ამბობს კვლევის ნიგერიელი რესპონდენტი.
ენის არცოდნას ბარიერად ასახელებენ კვლევის მონაწილე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებიც. სამართალდამცავების შეფასებით, თარჯიმნის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც ვერ საუბრობენ ინგლისურად, მათ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე თარჯიმნის პოვნა კი საქართველოში ჭირს, რაც პროცესების გაჭიანურებას იწვევს. სამართალდამცავების შეფასებით, ასევე ხშირად პრობლემას ქმნის თარგმანის ხარისხიც, რადგან გარკვეულ შემთხვევებში საუბრის მთავარი სათქმელი არ ჩანს.
კვლევის თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ხშირად, თარჯიმნის მოძებნამდე მიგრანტებთან მხოლოდ ჟესტების ენით უწევთ საუბარი.
“მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების შეფასებით, კომუნიკაციის პრობლემა ხშირად მთავრდება უცხოელთა მხრიდან „უნდობლობით“. შედეგად, პროცესი სრულდება დაკითხვის ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმით. აღნიშნავენ, რომ თარჯიმნის მიმართ უნდობლობას ხშირად უკავშირებენ პოლიციას, რადგან „უცხოელებს ხშირად თარჯიმნებიც პოლიციის თანამშრომლები ჰგონიათ”, – აღნიშნულია კვლევაში.
ენის ბარიერებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ კვლევაში მონაწილე ადვოკატებიც. კვლევის თანახმად, მათი სრული უმრავლესობა სახელმწიფო ენის არმცოდნე პირებისთვის მიჩენილი თარჯიმნების კვალიფიკაციასა და მიუკერძოებლობის საკითხს საგანგაშოდ აფასებს.
გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე მიგრანტი რესპონდენტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებ საზღვრის კვეთის საკითხსაც. კვლევის თანახმად, განსაკუთრებით ნიგერიელი გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ხშირად აეროპორტში მათი გამორჩევის საფუძველი მხოლოდ “კანის ფერი” და “ნიგერიული პასპორტი” ხდება.
რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, კვლევის რესპონდენტები აცხადებენ, რომ ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან. კერძოდ, რესპონდენტების თქმით, თვითმმართველობის წარმომადგენლები ხშირად იჩენენ გულგრილობას და უყურადღებობას, რაც ხშირად ინფორმაციის მიღების გაჭიანურებაში გამოიხატება.
“მათი აზრით, სწორედ ადგილობრივი მთავრობის „გულგრილობის“ შედეგია, რომ საჯარო ინფორმაცია, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ ვებგვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ქართულ ენაზე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის დროულად მიღებას”, – ნათქვამია კვლევაში.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ხაზს უსვამენ ენობრივი ბარიერის პრობლემასაც, რის გამოც მათ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხშირად ექმნებათ პრობლემები. რესპონდენტების ნაწილის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, ენობრივი ბარიერის არსებობისას, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აგრესიასაც გამოხატავენ.
ამასთან, კვლევის თანახმად, მიგრანტ რესპონდენტთა დიდი ნაწილი საუბრობს ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მათ “არაპრივილეგირებული ქვეყნიდან” წარმომავლობას უკავშირდება. კვლევის თანახმად, რესპონდენტები აცხადებენ, რომ ხშირად ბინადრობაზე დაუსაბუთებელ უარს იღებენ ან ნებართვის მიღების პროცესი ხელოვნური ბარიერების გამო ხანგრძლივდება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულ მიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ცალსახად უკავშირებს “მთავრობის დისკრიმინაციულ პოლიტიკას და მას რასობრივი გამორჩევის ჭრილში განიხილავს”.
რასობრივი გამორჩევის დაძლევა, TDI-ის რეკომენდაციები:
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან გამომდინარე ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, TDI მიიჩნევს, რომ:
- რასობრივი გამორჩევის დაძლევის პროცესი სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარებით უნდა დაიწყოს. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საპოლიციო სისტემაში არსებობს რელიგიური, ეთნიკური, კულტურული ნიშნით დისკრიმინაციული გამორჩევის პრაქტიკა, რომელიც ამცირებს საზოგადოების ნდობას არა მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის, არამედ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
იურისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების მიერ პრობლემის გაცნობიერება ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას და სათანადო გადაწყვეტილებების მიღებას. - შემუშავდეს და დაინერგოს სახელმძღვანელო პრინციპები და რეგულაციები, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და აკრძალავს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ რასობრივ/დისკრიმინაციულ გამორჩევას, შეზღუდავს მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას.
- აუცილებლად მიგვაჩნია სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, პერიოდული კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება. მონაცემები პოლიციის მხრიდან ადამიანების შეჩერების, დოკუმენტების შემოწმების, ჩხრეკის შესახებ, ასევე სასაზღვრო პოლიციის ჩანაწერები და სხვა უნდა მუშავდებოდეს როგორც პოლიციის, ისე დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ. მონაცემები უნდა შეიცავდეს იმგვარ ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის რასობრივი გამორჩევის კუთხით ანალიზის ჩატარებას. სამართალდამცავი სისტემის შესაბამის მიმართულებებში აუცილებელია რეგულარული, დამოუკიდებელი მონიტორინგი რასობრივი გამორჩევის შემთხვევების იდენტიფიცირების მიზნით. რასობრივი გამორჩევის ყოველ შემთხვევას უნდა მოჰყვეს სათანადო დისციპლინური და სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებას რეგულარულად უნდა წარედგინოს ანგარიში რასობრივი გამორჩევის იდენტიფიცირებული შემთხვევებისა და მათზე რეაგირების შესახებ.
- პოლიციამ უნდა გაიაროს უწყვეტი ტრენინგი, რათა შეძლოს მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. მიგვაჩნია, რომ სწავლებისას აუცილებელია აქცენტის გაკეთება რასობრივი გამორჩევის პრობლემაზე. ეს თემა შეიძლება იქცეს უკვე არსებული ტრენინგების ნაწილად, ან ცალკე ჩამოყალიბდეს სპეციალურ კურსად, სადაც პრაქტიკული სწავლების კომპონენტი იქნება წინ წამოწეული. მნიშვნელოვანია პოლიციელების ცოდნის ამაღლება კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე, რათა მათ გამოუმუშავდეთ მრავალფეროვან გარემოში ეთიკური მუშაობის უნარები. მნიშვნელოვანია მუდმივი ტრენინგი პოლიციელთა სტერეოტიპული, მიკერძოებული და წინასწარი განწყობების დასაძლევად. რასობრივი გამორჩევის და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე სრულფასოვანი სწავლება უნდა დაინერგოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.
- რასობრივი გამორჩევის აღმოსაფხვრელად პოლიციამ პოლიტიკის შემუშავების პროცესში უნდა ჩართოს დაინტერესებული ჯგუფები, რათა მოიპოვოს ნდობა და პატივისცემა. დაინტერესებულ ჯგუფებს შორის ბევრია ისეთი, ვინც სახელმწიფო ენა არ იცის და ეს მათი დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. აუცილებლად მიგვაჩნია ენის კომპონენტზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება და თანამშრომლების იმგვარი როტაცია რეგიონებსა თუ უბნებში, როდესაც გათვალისწინებული იქნება ენის ცოდნის ელემენტი და ურთიერთობისას არასახელმწიფო ენის გამოყენების ალბათობა.
- კვლევამ გვიჩვენა პრობლემის აქტუალობა, თუმცა გამოსავლის ძიებისთვის არ არსებობს დისკუსია დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეუძლებელია რასობრივი გამორჩევის დაძლევის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნა ამგვარი დებატების გარეშე. იმედს ვიტოვებთ, მოცემული კვლევა თავის წვლილს შეიტანს საჯარო დისკუსიაში და წაახალისებს ამ პრობლემის ფართოდ განხილვას.