ახალი ამბები

ცესკო საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლას განიხილავს

21 სექტემბერი, 2021 • 796
ცესკო საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლას განიხილავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის განცხადებით, განიხილება საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხი.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, განიხილება კონსტრუქციის იმგვარად შეცვლა, რომ მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი, ხმის მიცემის ფარულობა კი გარანტირებული იყოს. გიორგი სიორიძის თქმით, აღნიშნული შეამცირებს მანკიერ პრაქტიკას, რომელიც უკავშირდება საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანასა და შემოტანას:

“ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული. აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან.

მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ., რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება. ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე ცხადია შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა” – აცხადებს გიორგი სიორიძე.

ამასთან, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სიორიძემ ისაუბრა კრწანისის ოლქში ხმების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგვაა. პროექტი საპილოტეა და 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის მე-4 საარჩევნო ოლქში განხორციელდება:

“შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოხდება ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით. საარჩევნო ადმინისტრაციაში შემადგენლობის განახლებისა და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შედეგად მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტმატიკთან“, რომელიც გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვისა აშშ-დან ფილიპინებამდე” – აცხადებს სიორიძე.

გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა იმ ბიულეტენის პროტოტიპი და შესაბამისი ჩარჩო, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში იქნება გამოყენებული.

მისივე განცხადებით, დაბეჭდილია საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის დატანილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა. მას შემდეგ რაც დაზუსტდება საბოლოოდ სიები, კრწანისის ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათებთან ერთად დაეგზავნებათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი.

გარდა ამისა, მისი თქმით, კენჭისყრის დღეს კრწანისის 31-ვე უბანზე მონიტორებზე გაშვებული იქნება ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხმის მიცემის პროცედურა:

“ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებს, რომელთა კონტინგენტი არის ამავე ოლქში და დღეს მიმდინარეობს ამ პროცესის პილოტირება, ხოლო ხვალ კრწანისის რაიონში, #75 სკოლის შენობაში ჩატარდება იმიტირებული არჩევნები ამ საპილოტე ვერსიისაა, სადაც გავლილი იქნება სრული პროცედურის იმიტაცია თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 ოქტომბერს,” – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი